თებერვალში ქარის ელექტროსადგურმა 5,7 მილიონ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ინფორმაციით, 2017 წლის თებერვლის თვეში "ქართლის ქარის ელექტროსადგურმა" 5,774 მილიონ კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კილოვატ საათ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.

ცნობისთვის "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს. სადგური 6 ცალი 3,45 მეგავატის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან (ტურბინის მოდელი: V117-3.45 MW) შედგება.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს უწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.

წყარო : ენერგოპლატფორმა