კომპანია Space X-ისა და „ტესლა მოტორსის“ ხელმძღვანელის ილონ მასკის თქმით, მზად არის, უახლოეს ხანებში „ტესლაზე“ გადაღებული სამოყვარულო რეკლამის კონკურსი გამოაცხადოს.
მისი თქმით, სწორედ ამ გზით შერჩეული რეკლამა იქნება "ტესლას" ავტომობილების შემდეგი რეკლამა.
მსგავსი იდეა ილონ მასკს 10 წლის ბრაია ლავდეიმ მიაწოდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წერილი გაუგზავნა „ტესლას“ დამფუძნებელს. გოგონა წერილში წერდა, რომ ძალიან უყვარს „ტესლას“ მანქანები და მისი აზრით, „ტესლას“ ელექტრომობილები აუცილებელია გარემოს სუფთად შენარჩუნებისთვის. 10 წლის გოგონამ ილონ მასკს ასევე შესთავაზა, რომ პიარ კამპანიისთვის კარგი იქნება, თუ „ტესლა“ სამოყვარულო რეკლამის კონკურსს გამოაცხადებს.
„კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევარი ეკომანქანების რეკლამა გახდება, მისი ავტორი კი ვთქვათ, საკუთარი ავტომობილის ერთწლიანი უფასო დატენვით დასაჩუქრდება“, -წერდა გოგონა წერილში.
ბრაია ლავდეის წერილს ილონ მასკი „ტვიტერის“ მეშვეობით რამდენიმე საათში გამოეხმაურა.
„შესანიშნავი იდეაა და ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ მას“, - უპასუხა მასკმა 10 წლის გოგონას.