ესპანური კომპანია საქართველოში თევზის წარმოების განვითარებას გეგმავს

თევზის მწარმოებელი ესპანური კომპანია Dibaq საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული.

კომპანია საპარტნიორო ფონდთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე თევზის წარმოების განვითარებისა და საწარმოო კომპლექსის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც საპარტნიორო ფონდიდან იუწყებიან, მხარეებმა შეხვედრაზე, რომელიც ესპანეთში გაიმართა, საქართველოში წარმოებული თევზის იაპონიასა და ევროპაში ექსპორტის პერსპექტივაზეც ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდის ცნობით, საუბარია ყვითელკუდას თევზის სახეობაზე, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა დიდია.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს თევზის წარმოებაში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით შეხვედრა ესპანეთის ბიზნეს კომპანიების ასოციაციის მენეჯმენტთან შედგა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის ესპანური ექსპორტ-იმპორტის სააგენტოს CESCE-ას ჩართულობის საკითხები განიხილეს.