დღეს დილით ვაჭრობისას დოლარის კურსი ოდნავ შემცირდა, თუმცა კვირის განმავლობაში, მისი ფასი მაინც პლუსში დაიხურება, რადგან ბაზარი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისგან საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინშია.
"როიტერის" ინფორმაციით, ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) სხდომა 14-15 მარტს გაიმართება და მასზე უნდა გადაწყდეს საპროცენტო განაკვეთის საკითხი.
დოლარის ინდექსი, რომელიც მსოფლიოს ექვს ძირითად ვალუტასთან მისი კურსის საშუალო მაჩვენებელს ასახავს, დილით 0.12 პროცენტით, 102.080-მდე შემცირდა. თუმცა კვირის განმავლობაში, ინდექსს 0.9 პროცენტი აქვს მომატებული. ის ჯერაც შორსაა 11 იანვრის მაჩვენებელთან, როცა 102.260-ს მიაღწია.
იაპონურ იენთან მიმართებაში, კლებამ 0.15% შეადგინა. თუ წინა ღამით 1 დოლარი 114.595 იენად ფასობდა, ამ დილით კურსი 114.21-მდე შემცირდა. თუმცა დღის განმავლობაში ისევ ზრდა გააგრძელა და 114.55-ს მიაღწია. კვირის განმავლობაში, დოლარის კურსი იენთან (USD/JPY) დაახლოებით 2.0 პროცენტით არის გაზრდილი.
ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნილებას (ხარის განწყობა) მხარი დაუჭირა ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტ უილიამ დადლის და სან ფრანცისკოს ფედრეზერვის პრეზიდენტ ჯონ უილიამსის გამოსვლებმა. მათ გააძლიერეს იმის მოლოდინი, რომ FOMC-ი მარტის შეხვედრაზე დოლარზე განაკვეთს გაზრდის.
ფედერალურ ფონდებზე ფიუჩერსების კოტირებები მეტყველებს იმაზე, რომ ბაზარი ფედრეზერვის მიერ დოლარზე განაკვეთის გაზრდის შანსებს 66.4 პროცენტით აფასებს. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ის სახაზინო ორწლიან ობლიგაციებზე (რომლებიც დოლარის განაკვეთის ცვლილების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე აქტივებია) სარგებელი გაიზარდა და 2009 წლის აგვისტოს მაჩვენებელს მიაღწია.
გუშინ ღამით 1.0495-მდე შემცირების შემდეგ, ევროს ფასი დოლართან მიმართებაში, ამ დილით 1.052-მდე გაიზარდა. დღის განმავლობაში ზრდა გააგრძელა და 1.0565-ს მიაღწია. საერთო ჯამში, კვირის განმავლობაში ევროპული ვალუტა დოლართან დაახლოებით 0.4 პროცენტით არის შემცირებული.
კვირის განმავლობაში, ამერიკულ დოლართან დაახლოებით 1.4 პროცენტი დათმო ავსტრალიურმა დოლარმა, რომლისთვისაც ეს ყველაზე უარესი კვირაა დეკემბრის შემდეგ. ყველაზე სტაბილურად გამოიყურება ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, რომლის ფასიც 1.2243-ს (17 იანვრის მინიმუმი) ჩამოსცდა.