ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ შენგენის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს საქართველოდან და საქართველოში ოპერირებად ყველა ავიამიმართულებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან ანცობეს.
მათივე ინფორმაციით, ფასდაკლება ძალაშია დღეიდან 5 მარტის შუაღამემდე.
„მგზავრებს, რომლებიც გეგმავენ თავიანთ შვებულებას ან შაბათ-კვირას საზღვარგარეთ, შეუძლიათ შეიძინონ ავიაბილეთები ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 9.99 ევროდან, 11 ავიამიმართულებიდან ნებისმიერზე, რომელსაც ავიაკომპანია „ვიზეარი“ ასრულებს საქართველოში.
ავიაკომპანია „ვიზეარი“ მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ უვიზო მიმოსვლის დანერგვა წინ გადადგმული კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის. თავის მხრივ, ავიაკომპანია ერთგული რჩება საქართველოს მიმართ და გამუდმებით ცდილობს მოგზაურობა თავისი მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. „ვიზეარის“ შაბათ-კვირის 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ავიაკომპანიის 11 მიმართულებაზე ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის ბუდაპეშტზე, ვარშავაზე, მილანზე, ვილნიუსზე, სალონიკსა და ბერლინზე“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, „ვიზეარის“ პირველი ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის სექტემბერში შესრულდა.
„4- წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად, 2016 წლის 23 სექტემბერს ქუთაისი გახდა ავიაკომპანიის 25-ე ბაზა, ერთი ბაზირებული ეარბას A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, რითაც ავიაკომპანიამ თავისი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებების ქსელი 8 ქვეყნის 11 ავიამიმართულებით გაზარდა. ბაზის დაარსება კომპანიის მხრიდან წარმოადგენს 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და 36 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას.
ამასთან, 2016 წელს ავიაკომპანია საქართველოში მოემსახურა 168 000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-იანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივი საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებასა და ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
„ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერის სორინა რაცი დაბლბიუჯეტიანი ფრენების მოყვარულებს მოუწოდებს, იჩქარონ ბილეთების შეძენა.
„ვიზეარი“ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას შენგენის ქვეყნებთან ზეიმობს 20%-იანი ფასდაკლებით საქართველოში ოპერირებად ყველა ავიარეისებზე. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის აღსანიშნავად, ჩვენ მოხარულნი ვართ ჩვენს ქართველ მგზავრებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, ისარგებლონ 20%-იანი შეღავათით ევროპის 11 ავიამიმართულებაზე, რომელიც სრულდება ქუთაისის აეროპორტში. ფასდაკლება ძალაშია 5 მარტის შუაღამემდე და ჩვენ მოვუწოდებთ დაბალბიუჯეტიანი ფრენების მოყვარულ მგზავრებს იჩქარონ ბილეთების შეძენა“, - განაცხადა სორინა რაციმ.
ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 77 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 40 ქვეყნის 137 ქალაქს. ვიზეარის გუნდი, რომელიც ავიაციის დაახლოებით 3 000 პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც „ვიზეარი“ 2016 წლის 30 ნოემბრის ფინანსური წლის მონაცემებით 23 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. „ვიზეარი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. „ვიზეარი“ დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია ახლახან დასახელდა 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA) მიერ.
ფასდაკლება მოიცავს ავიაბილეთის ტარიფს, მოსაკრებელს და ყველა სავალდებულო გადასახადს, ასევე მცირე ზომის ხელბარგს. ფასდაკლება ძალაშია მხოლოდ ახალ ჯავშნებზე.