სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. ამის შესახებ სებასტიან კურცმა bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

”ჩვენ გვჭირდება ცენტრები ლტოლვილებისთვის ევროკავშირის გარეთ, რომლებიც ლტოლვილების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარიატთან ერთად იფუნქციონირებს. კონკრეტულად სად განთავსება ასეთი ცენტრები, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. ასეთი ობიექტები შეიძლება განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები”,- განაცხადა სებასტიან კურცმა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს 3 თებერვალს სტუმრობდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არ განხილულა და, შესაბამისად, უწყებისთვის უცნობია, რას უკავშირდება მინისტრ კურცის ეს მოსაზრება.