”ჩემი ოჯახის კლინიკამ” ოთხი საავადმყოფო შეისყიდა

კომპანია “ალდაგის” შვილობილმა კომპანიამ ”ჩემი ოჯახის კლინიკამ” ”ავანტე ჯგუფის" 80%-იანი წილი შეისყიდა.

შესაბამისად, ჰოსპიტალური ქსელი ოთხი სამედიცინო დაწესებულების, იაშვილის სახ. კლინიკის, ”ციციშვილის სახ, იგივე ბავშვთა ახალი კლინიკის” და თბილისსა და ბათუმში მდებარე ორი სამშობიარო სახლის, ”ახალი სიცოცხლისა” და ”ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს” მფლობელი გახდა.

”ჩემი ოჯახის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარიგების თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა ხელშეკრულების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე.

მინდიაშვილის თქმით, კომპანიის მიზანია, ბოლო პერიოდში გაჩერებული კლინიკების ამუშავება და განვითარება, რისთვისაც კონკრეტული გეგმაა დასახული.

”ჩვენი სტრატეგიის ნაწილია თბილისის ჰოსპიტალური სექტორის ბაზარზე შემოსვლა, რამდენადაც უკვე წარმოდგენილები ვართ საქართველოს რეგიონებში. ამ სტრატეგიის ფარგლებში ცოტა ხნის წინ შევიძინეთ ”კარაპს მედლაინიც”, - განაცხადა მინდიაშვილმა.

მისი თქმით, "ჩემი ოჯახის კლინიკა" ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშე იყო, შესაბამისად ახალი ობიექტების დამატება ჰოსპიტალურ ქსელს კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის.

ქსელის გაფართოებასთან ერთად, ”ჩემი ოჯახის კლინიკა” ფსონს ნოვაციური პროექტების დანერგვაზეც დებს.

”მოხდება ისეთი სერვისების დანერგვა, რომლებიც ჯერ ქვეყანაში არ არის წარმოდგენილი და პაციენტებს მათ მისაღებად საზღვარგარეთ უწევთ გამგზავრება. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვთა მკურნალობას. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბავშვთა სამკურნალოდ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაზეც. გეგმაში გვაქვს დღეისათვის ამ საავადმყოფოებში არსებული 579 საწოლის რაოდენობა 600-მდე გავზარდოთ, რაც მკურნალობისა და სერვისების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს”, - განაცხადა ”ჩემი ოჯახის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა.

კომპანიის მენეჯმენტის გათვლებით, საერთო ჯამში ახალ ობიექტებში 7-დან 10 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება. ეს თანხა, ძირითადად, ორ მათგანს: ”იაშვილის სახელობის კლინიკასა” და ”ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკას” მომხმარდება, რადგან დანარჩენი ორი ახლადაშენებულია და განსაკუთრებულ ცვლილებებს არ საჭიროებს.

რაც შეეხება მოსალოდნელ სამართლებრივ დავას თურქულ ”უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპთან”, რომელზეც ზემოხსენებული კლინიკები მისმა მფლობელებმა გასულ წელს გაასხვისეს, თუმცა, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით მოგვიანებით ჩამოართვეს, მინდიაშვილმა განაცხადა, რომ ”ჩემი ოჯახის კლინიკამ” ქონება კანონის დაცვით შეისყიდა.

”ვიცოდით, რომ იყო მოლაპარაკება თურქ ინვესტორებთან და შემდეგ მათ თანხა არ გადაიხადეს თუ უკან დაუბრუნდათ. შესაბამისად, შესყიდვა ჩვენ მიერ აბსოლუტურად კანონის ფარგლებში განხორციელდა. ასევე, დღეს შევხვდით ჯანდაცვის მინისტრს. მათ ჩვენი გეგმები იციან და ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ქართული ინვესტიციაა და ჩვენი გეგმები ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრაშია”, - აღნიშნა ობიექტების ახალმა მფლობელმა.

როგორც ”ჩემი ოჯახის კლინიკაში” აცხადებენ, მათი შემოსავლების მხოლოდ 30% მოდის ”საქართველოს ბანკის” შვილობილი კომპანიის, ”ალდაგი ბისიაის” დაზღვეულებზე, დანარჩენი 70%, კი სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულების, სხვა სადაზღვევოებისა და ინდივიდუალურად დაზღვეულების ხარჯზე ივსება.