ვიქტორ დოლიძე ლტოლვილთა მიღების ცენტრის ინიციატივაზე - სებასტიან კურცი ამასწინათ თბილისში იმყოფებოდა და ამგვარი არაფერი უთქვამს

მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად მოიყვანა, ის ამასწინათ იმყოფებოდა თბილისში და მსგავსი არაფერი უთქვამს , - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.

ვიქტორ დოლიძის თქმით, საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი რამ არ ხდება და განხილვის პროცესში არ არის.

,,მართალი გითხრათ, მე არ მსმენია, რომ რაიმე თუნდაც განხილვის ან ანალიზის პროცესში იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ახლახან ჩამოვედით ბრიუსელიდან და ამგვარი არაფერი გვსმენია. ბატონი ავრამოპულოსი სტუმრობდა თბილისს და ამგვარი არაფერი თქმულა. ამიტომ, ალბათ, ავსტრიულ მხარეს უნდა ჰკითხოთ, თუ რა ჰქონდა მას მხედველობაში. მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. კურციც იმყოფებოდა ამასწინათ თბილისში და ამგვარი არაფერი უთქვამს”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

სებასტიან კურცი საქართველოში 3 თებერვალს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. გუშინ, გამოცემა bild-თან ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას და ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.