თუ ორი წლის წინ ჩაითვალა, რომ ზედამხედველობის სამსახურის სებ-დან გამოყოფა საჭირო იყო, დღეს ”პლასტინკის” გადაბრუნებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება , - ამის შესახებ დეპუტატმა რევაზ არველაძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ზედამხედველობის სამსახურის სებ-ის შემადგენლობაში დაბრუნებაზე მსჯელობენ.
”ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ისე, თუ რა სჭირდება საქართველოს და რა არის მისთვის უკეთესი. იმაზე აპელირება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა რაღაცა რეკომენდაციები მოგვცა, არასწორია. მე ძალიან კარგად მახსოვს საერთაშორისო ორგანიოზაციების მიერ გამოგზავნილი ექპერტები, რომლებსაც იქით ვასწავლიდით რა იყო სწორი და რა - არა. როგორც წესი, ისინი გზავნიდნენ ექსპერტებს მესამე და მეოთხე ხარისხის და მესამე და მეოთხე დონის ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, მე მგონია, არანაკლები სპეციალისტები გვყავს საქართველოში”, - განაცხადა არველაძემ.
მისივე თქმით, ასე არ უნდა იყოს, რომ ყოველთვის საერთაშორისო ექსპერტებს ამოვეფაროთ.
”თუ თქვენ ორი წლის უკან გააანალიზეთ ყველაფერი და ჩათვალეთ, რომ ასე არის საჭირო, დღეს ”პლასტინკის” გადაბრუნებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება. ისე გამოგყავთ ყველაფერი, თითქოს ეს სააგენტო წაიღეს მარსზე. აქ არ არის? კოორდინაციას რა უნდა”, - აღნიშნა არველაძემ.