„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები მახინჯაურში გოგირდის აბანოების და „მზიურის“ ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები მინიმალურ ფასად გაასხვისა.
„2017 წლის 16 სექტემბერს, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 3,9 მლნ ლარად გაიყიდა მიწის ნაკვეთები (საერთო ფართი: 33 530 კვ.მ მეტრი და 2 255 კვ.მ შენობა-ნაგებობა), მახინჯაურში გოგირდის აბანოების და „მზიურის“ ტერიტორია კომპანია შპს ,,სტატოტელზე“. კომპანია ვალდებულია 38 თვის ვადაში ააშენოს 100-ნომრიანი სასტუმრო მზიურის ტერიტორიაზე, ხოლო 42 თვეში ექსპლუატაციაში უნდა შეიყვანოს მახინჯაურის ე.წ. აგოგირდის აბანოები, მესაკუთრემ ასევე 42 თვეში უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც, რაშიც უნდა მოახდინოს 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება. კომპანიას მიეცა უფლება, გაასხვისოს ხელშეკრულებით დადგენილი წესით ქონება. შპს ,, სტატოტელი“ პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და საპარტნიორო ფონდთთან. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე აპროტესტებდა მიწის პირდაპირი გასხვისების საკითხს, მიუხედავად ჩვენი არაერთი მოწოდებისა, აჭარის მთავრობამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები მინიმალურ ფასად გაასხვისა, თუმცა გასხვისებიდან რამდენიმე თვის შემდგომ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არათუ ინვესტიციის განხორციელებაზე, არამედ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ ახირებასთან გვაქვს საქმე, რეალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პატარაძის დაანონსებული ე.წ. ყაზახური ინვესტიციიის ნაცვლად ხორციელდება უკანონოდ ხეების გადატანა“, - აცხადებს გია აბულაძე.