დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის იმპლემენტაციის შემდეგ, საბანკო სექტორის ხარჯი დაახლოებით 15-20 მილიონი ლარით გაიზრდება.
რაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება აისახოს დეპოზიტებისა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. ამის შესახებ „თი ბი სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის თემა საქართველოს საბანკო სექტორისთვის არ არის აქტუალური.
„ჩვენ ბევრჯერ გვქონდა ამ საკითხის განხილვა, არამარტო თიბისი ბანკს, არამედ საბანკო ასოციაციასთან ერთად. ეს საკითხი საბანკო სექტორისთვის არ არის აქტუალური, სხვა უფრო საინტერესო პროექტები შეიძლება განხორციელდეს. არ ვფიქრობთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის შემთხვევაში შეიძლება ნდობა გაიზარდოს. ქართულ საბანკო სექტორში ნდობა არის იმაზე უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია. არ ვთვლით, რომ ამით რაღაც ახლის მიღწევა შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევაზე მსჯელობა ამ ეტაპზე ნაადრევი იყო.
„ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს ნაადრევი იყო და 2018 წლისთვის კანონპროექტის ამოქმედება არ იყო საჭირო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აქტიურად მუშაობდა, ამ თემაზე, აუცილებელი იყო რომ პროცესი დაძრულიყო და ამ კანონპროექტის განხილვა დაწყებულიყო. ჩვენ განსხვავებული აზრი გვქონდა, მგრამ ამ მიმართულებით მოხდა განვითარება. რეალობა არის ის, რაც გვაქვს და ჩვენ ამას შევასრულებთ“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
კანონპროექტის თანახმად, საბანკო დეპოზიტების დაზღვევა 2018 წლიდან გახდება სავალდებულო. საუბარია, 5 ათასი ლარის მოცულობის დეპოზიტებზე.
ამასთან, კანონპროექტი გულისხმობს დაზღვევის სპეციალური სააგენტოს შექმნას, რომელშიც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად კომერციული ბანკების წარმომადგენლებიც იქნებიან.
ქრისტინე გამთენაძე