გიორგი გახარია - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც გაგრძელდება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა არის სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და ის აპრილიდან აუცილებლად გაგრძელდება , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ პროგრამის ბენეფიციარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, გიორგი გახარია შეხვედრის მონაწილეებს მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც პროგრამის ბენეფიციარებმა მინისტრს უშუალოდ გააცნეს საკუთარი ხედვები პროგრამის შესახებ, ისაუბრეს თავიანთი ბიზნესის წამოწყებისა და წარმატების შესახებ და აღნიშნეს ის საკითხებიც, რომელთა გადაჭრაც, მათი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერების, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის.

„შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული მიზანი - აპრილში ვიწყებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალ ეტაპს და გვინდოდა ამ პროგრამით მოსარგებლე, წარმატებულ ადამიანებთან გვესაუბრა, რათა გაგვეთვალისწინებინა ის შენიშვნები, რომლებიც მათ ჰქონდათ. გვინდა შევქმნათ ერთმანეთთან ურთიერთობის პლატფორმა. ვთვლით და ჩანს კიდეც, რომ ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გადადგას პირველი ნაბიჯი, აიღოს თავის თავზე მეწარმეობის რისკი და პასუხისმგებლობა, ხოლო შემდგომ წარმატებული მათგანი უკვე ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს და ასაქმებს სხვა ადამიანებს. ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა იყოს და რომელმაც წარმატება და სწრაფი განვითარება უნდა მოუტანოს ჩვენ ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას მაღალი შეფასება მისცეს შეხვედრის მონაწილეებმაც, რომლებმაც მინისტრს საკუთარი საქმიანობის გაფართოებისა და ახალი ბიზნესპროექტების შექმნის გეგმები გააცნეს.

„რაც ბატონმა გიორგიმ გვითხრა და შეგვპირდა, ახალი გამოწვევა იქნება პირადად ჩემთვის, ჩემი სოფლის მოსახლეობისთვის და სამომავლო გეგმებისთვის. საქმიანობა ერთი წლის უკან დავიწყე ლეჩხუმში და მერწმუნეთ, ჩემი ოჯახის წევრებსაც არ სჯეროდათ იმის, რასაც დღეს მივაღწიეთ: სახელმწიფოს დახმარებით შევძელით პროდუქციის შექმნაც, რეალიზებაც და ბრენდირებაც, საუბარია ლეჩხუმურ ცოლიკაურზე. მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს ასეთი გულწრფელი ფორმატის ორგანიზებისთვის. ეს ის წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც სახელმწიფო უშუალოდ თითოეული მეწარმის თანადგომას და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ეხება“,- აღნიშნა ამხანაგობა „ქორენიშის“ წარმომადგენელმა ლევან ხმელიძემ.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულებაა, რომელიც ორი წელია საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 4910 მიკრო და მცირე მეწარმე, გადამზადებულთა 8800 ადამიანი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5100 ადამიანს შეადგენს.