აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნარგავებისა და ნათესების დაზიანების პრევენციის შესახებ იმსჯელეს

კომიტეტის დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ნარგავების და ნათესების დაზიანების შესახებ საკითხი განიხილეს , რომელზეც მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან ფერმერები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტიდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შიოლაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, გადაწყდა, რომ აღნიშნული პროექტის საკანონმდებლო ინიციატივად დარეგისტრირებამდე მომხდარიყო საჯარო განხილვა.

ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მომზადება შინაური ცხოველებისა და ფრინველების მიერ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანებისა და განადგურების გახშირებამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს მეტ-ნაკლებად არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი, პრობლემის კერძო სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე გადაჭრა მაინც ვერ ხერხდება და სახელმწიფო ორგანოების ჩარევას ითხოვს.

როგორც კანონპროექტის ავტორმა განაცხადა, ნარგავების, ნათესებისა და მოსავლის განადგურება ხშირად ფიზიკური დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფის საფუძველიც ხდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ცვლილების თანახმად, 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმები დაწესდება.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტს ძირითადად პრევენციის მიზანი აქვს, რათა შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანება და განადგურება. წარმოდგენილი პროექტით, კანონპროექტის მოქმედება არ გავრცელდება უშუალოდ დასახლებულ პუნქტებზე. ირაკლი შიოლაშვილმა მრავალრიცხოვან კითხვებსაც უპასუხა, გამოითქვა მოსაზრებაც, რომ რაიონები განსხვავდება ერთმანეთისაგან და კანონპროექტიც ამ სპეციფიკის შესაბამისად უნდა იყოს მომზადებული.

„კანონი უნდა იყოს აღსრულებადი. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბევრი 500-ლარიანი ჯარიმა დაიწეროს, ჩვენი მიზანია, რომ არ მოხდეს კანონდარღვევები. ეს უნდა იყოს პრევენციის ღონისძიება და უნდა დაარეგულიროს ეს პრობლემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სპეციფიკა განსხვავდება რეგიონების მიხედვით. განსაკუთრებული პრობლემებია იქ, სადაც გადასარეკი ტრასები გადის. კარგია, რომ პრობლემის მოგვარებისათვის ყველა გამოხატავს მზადყოფნას და ველით თქვენს წინადადებებსა და შენიშვნებს“, - მიმართა შეკრებილთ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის წინადადებით, იმის გამო, რომ განხილვაზე გამოითქვა სხვადასხვა შენიშვნა, კანონპროექტი ყველა რეგიონის რწმუნებულს გადაეგზავნება წინადადებებისა და შენიშვნების წარმოსადგენად. კანონპროექტის საბოლოო ვარინტს კი, ვიდრე მას პარლამენტს წარუდგენენ, სამუშაო ჯგუფი ირაკლი შიოლაშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ განიხილავს.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საპარლამენტო უმცირესობიდან ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წევრი ლაშა დამენია აირჩიეს.