"თიბისი ბანკი" - ჩვენი სტრატეგიაა, არ ვაწარმოოთ არაპროფილური ბიზნესები

"თიბისი ბანკის" სტრატეგიაა, არაპროფილური ბიზნესები არ აწარმოოს, - ასე გამოეხმაურნენ საფინანსო ინსტიტუტში ბოლო პერიოდში საზოგადოებაში განხილვის საგნად ქცეულ თემას კომერციული ბანკების მიერ არასაბანკო ბიზნესების წარმოების მიზანშეწონილობისა და მისი შესაძლო შეზღუდვების მექანიზმების დაწესების შესახებ.

როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, ბანკი ამ საქმიანობით არასდროს დაკავებულა და ეს განსაზღვრულია ბანკის სტრატეგიითა და კორპორატიული კულტურით.

"თიბისი ბანკის საქმიანობა განისაზღვრება მხოლოდ საბანკო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული ფინანსური სერვისებით, როგორებიცაა მაგალითად, სალიზინგო მომსახურება (თიბისი ლიზინგი), სწრაფი გადახდები (თიბისი პეი), პლასტიკური ბარათების საპროცესინგო ცენტრი (UFC) და მსგავსი ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო საქმიანობასთან და არ წარმოადგენს არაპროფილურ ბიზნესს", - აღნიშნავენ ბანკში.

თუმცა, ბანკის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ არაპროფილურ ბიზნესებად არ უნდა მიიჩნეოდეს ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ბანკი პრობლემური სესხის დაფარვას ცდილობს.

"ამ პროცესში შესაძლოა, მოხდეს პრობლემური აქტივის დროებით საკუთრებაში მიღება, მისი შემდგომი რეალიზაციის და სესხის დაფარვის მიზნით. ბანკი აპირებს მომავალშიც შეინარჩუნოს ეს პოზიცია და არ აწარმოოს არაპროფილური ბიზნესები", - ნათქვამია "თიბისის" ბანკის განცხადებაში.