საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო აუდიტის გენერალურ აუდიტორს შეხვდა. როგორც საქართველოს პარლამენტიდან იუწყებიან
, ირაკლი კოვზანაძემ და ლაშა თორდიამ შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთობლივი გეგმები დასახეს.
მათივე ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტს საკმაოდ აქტიური თვე ექნება სახელმწიფო აუდიტთან მუშაობის თვალსაზრისით. „მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური აუდიტის მუშაობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე. საპარლამენტო კომისია ჩამოყალიბდება მიმდინარე სესიის განმავლობაში. კომისიის შემადგენლობაში, ფრაქციების კვოტების შესაბამისად, 14 წევრი იქნება და იგი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ეს დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
ირაკლი კოვზანაძემ და ლაშა თორდიამ ისაუბრეს, ასევე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნებს შეისწავლის. „სამუშაო ჯგუფი სისტემატურ კონტაქტში უნდა იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. აქედან გამომდინარე, შეხვედრები სისტემურ ხასიათს მიიღებს. დღეს ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეულ პროცედურებზე შევთანხმდით“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტი პარლამენტის ქუთაისის ოფისში, 9 მარტს პროექტ - „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაციას გეგმავს, რომელზეც დეპუტატები იქნებიან მიწვეული.