იანვარში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა

2017 წლის იანვარში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, 2015 წელთან შედარებით კი შემცირდა.

კერძოდ, 2017 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობამ 3 მილიონი ტონა შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.8 მილიონი ტონა იყო. 2015 წლის იანვარში კი გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა 3.2 მილიონი ტონა იყო.

ამასთან, გაიზარდა სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც. კერძოდ, ეს მონაცემი 2017 წლის იანვარში 25.2 მილიონი მგზავრი; 2016 წლის იანვარში 24.6; ხოლო 2015 წლის იანვარში - 24.1 მილიონი მგზავრი იყო.

მიმდინარე წლის იანვარში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ ჯამში 1.4 მილიონი ტონა; 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1.2 მილიონი ტონა; 2015 წლის იანვარში კი 1.9 მილიონი ტონა შეადგინა.

ამასთან, 2017 წლის იანვარში ნავსადგურებში 34.269 კონტეინერი; გასული წლის იანვარში - 22.469; ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში 38.551 კონტეინერი გადამუშავდა.