დრონი საყოველთაოდ მისაწვდომი მფრინავი, დისტანციურად მართვადი აპარატია, რომლებსაც უკვე ტერორისტებიც იყენებენ. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დრონი ეფექტურად გამოიყენეს.
ახლახან ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ დაამზადა „უპილოტო მფრინავი მუჯაჰიდები“, რომლებიც ისეა მომართული, რომ ბომბის ტარება და დისტანციურად ამოქმედება შეუძლია. უფრო მეტიც, ტერორისტებმა გამოაცხადეს, რომ ასეთი იარაღის მეშვეობით, მხოლოდ ერთ კვირაში, ერაყის არმიის 39 ჯარისკაცი მოკლეს და დაასახიჩრეს.
მაგრამ როგორც ირკვევა, დრონებთან ბრძოლის საშუალებაც არსებობს. ერთ-ერთი ახლოაღმოსავლური ქვეყნის შეიარაღებული ძალების არსენალში გამოჩნდა გრძელ მანძილზე მოქმედი ანტი-დრონული იარაღი, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია დრონის დისტანციურად (რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც კი) დასმა ისე, რომ საფრენი საშუალება მის გამშვებთან კავშირს კარგავს.
ფრანგებმა დრონებთან ბრძოლის საინტერესო საშუალებას მიაგნეს - სპეციალურად წვრთნიან არწივის სახეობა „ოქროს არწივს“, რომელიც სწორედ დრონების აღმოჩენასა და განადგურებაზეა გაწვრთნილი. ასეთ არწივებს ცაში იმ შემთხვევში უშვებენ, როცა პოლიციაში ტერორისტული განგაში გამოცხადდება.
მაგრამ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის (რომლის სახელიც არ კონკრეტდება) თავდაცვის სამინისტრომ შეიძინა დრონების საწინააღმდეგო აპარატი „დრონგან“, რომელიც ეფექტურად ანეიტრალებს ტერორისტების დრონებს. ის კომპანია „დრონშილდის“ მიერ არის შემუშავებული.
ტერორისტთა დრონების წინააღმდეგ, არწივების გარდა, ასევე დრონებს იყენებენ. „დრონგანი“ 5-კილოგრამიანი დანადგარია, რომელსაც ადამიანი მხრით ატარებს. რაც მთავარია, უფრო ეფექტურად ებრძვის ტერორისტების აპარატს და მისი შორ მანძილზე დაჭერის მეტი შანსი აქვს. „დრონგანი“ მფრინავი აპარატის მისამართით გზავნის ელექტრომაგნიტურ ბგერებს, რომლებსაც იგივე სიხშირე აქვს, რომლებითაც ვიდეოგადაცემების გადაგზავნა ხდება.
ბევრი თანამედროვე დრონი გაშვების ადგილს ავტომატურად უბრუნდება, თუ მართვის ცენტრთან კავშირს კარგავს. მაგრამ „დრონგანი“ ამის საშუალებასაც უსპობს, რადგან GPS კავშირს უბლოკავს. ამიტომ დრონს იქ უწევს დაჯდომა, სადაც მას „დრონგანი“ დაიჭერს. ამ უკანასკნელის მოქმედების რადიუსი კი 2 კილომეტრს აღწევს.
მწარმოებელი „დრონგანის“ ზუსტ ფასს არ აქვეყნებს, თუმცა მიანიშნებს, რომ ლაპარაკია ათეულობით ათას დოლარზე. ახლო აღმოსავლეთის უცნობმა ქვეყანამ „დრონგანის“ ერთი ეგზემპლარი შეისყიდა და მისი ტესტირება დაიწყო, რის შემდეგაც, უფრო დიდი პარტიის შეძენას გეგმავს.