პროფკავშირები სანდრო ეულის ქუჩაზე კომპანია “ფრესკოში” დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
“ფრესკოს” სავაჭრო ცენტრის წინ დღეს პროფკავშირების, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციაში მონაწილეობდნენ “ფრესკოს” ყოფილი თანამშრომლებიც.
როგორც აქციაზე პროფკავშირის აქტივისტმა გიგა ბექაურმა განაცხადა, “ფრესკოს” სალაროები რამდენიმე წუთით დროებით გაჩერდა. მისივე განცხადებით, აღნიშნული განხორციელდა პროფკავშირების წარმომადგენელთა “ფრესკოში” შესვლით და ეს არის ერთგვარი პროტესტი არსებული შრომითი პირობების გამო.
“ვცდილობთ გამოვაფხიზლოთ კომპანიის მენეჯმენტი. მიაქციონ თავიანთ დასაქმებულებს ყურადღება და მიხვდნენ, რომ მათ კომპანიაში არის ძალიან ბევრი პრობლემა. ისინი ცდილობენ იგნორირება მოახდინონ და ეს ტალღა გადააგორონ. “ფრესკოს” სალაროები რამდენიმე წუთით გაჩერდა, სამწუხაროდ, კომპანიამ არ მისცა საშუალება მედიასაშუალებებს, შესულიყვნენ და გადაეღოთ ეს პროცესი. ეს არის ერთგვარი პროტესტის ფორმა, ჩვენ არ გვინდა კომპანიამ ზიანი ნახოს, ჩვენი მიზანია კომპანია და მისი მენეჯმენტი გამოფხიზლდეს”, - განაცხადა გიგა ბექაურმა.
მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლები კვირაში 40 საათის ნაცვლად 60 საათს მუშაობენ და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას ამისთვის არ იღებენ. სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს უწევთ სხვადასხვა სამუშაოების შესრულება, რაც მათ არ ევალებათ, ვერ იყენებენ შვებულებას, ასევე ბიულეტენი არ არის ანაზღაურებადი.
ბექაურმა მოუწოდა სახელმწიფოს და შრომის ინსპექციას, დაინტერესდნენ ამ კომპანიაში დასაქმებულთა პრობლემებით.