მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. ახლა უკვე 6 წელია მომსახურების სფეროშია. ბოლო 5 თვე კი თბილისში, ტაქსის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალი მძღოლია.
მერი მძლეური 24 წლის ავტომოყვარულია და უმაღლესი განათლების მისაღებად ახლა ემზადება. მერი ”ბიზნესპრესნიუსს” თავის საქმიანობაზე, ავტომობილების სიყვარულსა და მისწრაფებებზე ესაუბრა.
ახალგაზრდა მძღოლი კომპანია Taxify-ში მუშაობს მძღოლად. როგორც თავად ამბობს, მანქანის მართვის სიყვარულთან ერთად, ეს სამსახური მისთვის დამატებითი შემოსავალია.
”ტაქსის მძღოლად მუშაობა ჩემთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, ამჟამად Foodpanda-შიც ვმუშაობ, სადაც დელივერი რგოლის ერთ-ერთი მმართველი ვარ. ტაქსის მძღოლად მუშაობის დაწყებით ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა, ვერ გავაბედნიერე, მაგრამ ამ ამბავს გაგებით მოეკიდნენ. მეგობრებს არც გაკვირვებიათ, ვინაიდან მგონი უკვე მიჩვეული არიან ჩემს „არასტანდარტულ“ გადაწყვეტილებებს. მგზავრებს, განსაკუთრებით გოგონებს, ძალიან უხარიათ, როცა საჭესთან გოგონა ხვდებათ და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება მეც მსიამოვნებს. სულ უფრო ხშირად ვგრძნობ, რომ მგონი საზოგადება მიხვდა, შრომა სათაკილო არ არის”, - ამბობს მერი მძლეური ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
ახალგაზრდა მძღოლისთვის მიუღებელია ის სტერეოტიპები, რაც ქალი მძღოლების მიმართ არის.
”არ მომწონს ჩარჩოში მოქცეული მოსაზრებები, რომელიც ბრბოს მართავს. ვფიქრობ ჩემი საქმიანობაც, გარკვეულწილად ამსხვრევს სტერეოტიპს. სტატისტიკურად ბევრად ნაკლებია ქალი მძღოლების მიერ გამოწვეული ავარია, ვიდრე მამაკაცების. ვფიქრობ, ქალებს საჭესთან გამბედაობა აკლიათ, ზედმეტად ფრთხილები არიან და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ესაა სტერეოტიპების წარმოქმნის მიზეზი”, - გვეუბნება მერი მძლეური.
ავტორბოლა 24 წლის ავტომოყვარულის კიდევ ერთი გატაცებაა და ამ მიმართულებით შედეგების მისაღწევად საკუთარ თავზე მუშაობს.
”სანამ მართვის მოწმობას ავიღებდი, მანქანა მანამდეც მყავდა. მასწავლებელმა მხოლოდ მართვის მოწმობის გამოცდის მანევრები მასწავლა, დანარჩენი არავის არაფერი უსწავლებია. ბავშვობაში ვუყურებდი ხოლმე როგორ მართავდნენ სხვები ავტომობილს და თეორიულად ყველაფერი ვიცოდი. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ რბოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ისიც წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად დავდებ შედეგს”, - ამბობს ავტომოყვარული.
სამომავლოდ მერი უნივერსიტეტში ჩაბარებასაც გეგმავს: ”უმაღლესი განათლება არ მაქვს და წელს გადავწყვიტე ბიზნეს-მენეჯმენტზე ჩაბარება. ვფიქრობ ეს ხელს შეუწყობს ჩემს წინსვლასა და წარმატებას. ოთხ საგანში ვემზადები. ნაწილს კეთილი ადამიანები მიფინანსებენ, ნაწილს მე ვიხდი. ამ ეტაპზე ეს არის ჩემი ხარჯები, რის გამოც 2 სამსახურში ვმუშაობ. სამომავლოდ, როცა უკვე შესაძლებლობა მექნება, ადამიანებს აუცილებლად დავეხმარები განათლების მიღებაში”, - ამბობს მერი მძლეური.
თათია ახვლედიანი