მთავრობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის ინიციატივით გამოდის

მთავრობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი და პროექტი “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიმარტება კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყება.

იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო და განისაზღვრება მისი ფუნქციები აღნიშნულ სფეროში. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. ინიცირებული კანონპროექტით რეგულირდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ფორმირების წესი და კომერციული ბანკების ვალდებულებები, ფონდში შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ასევე განისაზღვრება დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე სააგენტოს გამჭვირვალობასთან, აუდიტთან და კომერციული ბანკების მიმართ სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.