„ვაზიანი კომპანის“ ღვინომ „საფერავი 2015“ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო “ბრილიანტი” (Diamond Trophy) მოიპოვა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება, აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში „საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო გამოფენაზე Foodex Japan 2017 უმაღლესი ჯილდოს “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად. „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო „ვაზიანი კომპანის“ წარმომადგენელს დღეს ტოკიოში, „Foodex Japan 2017“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
„ვულოცავ კომპანიას ამ დიდ წარმატებას. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე, ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი”, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. თებერვალში გამართულ კონკურსში ჯილდო სულ 12 დასახელების ქართულმა ღვინომ მოიპოვა - ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი.