იაპონიაში, ტოკიოში, 7-10 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ხელშეწყობით , ქართული კომპანიები ეროვნულ ნაწარმს საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე FOODEX JAPAN 2017 წარადგენენ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, FOODEX JAPAN 2017 ერთ-ერთი მსხვილი და წამყვანი გამოფენაა, რომელსაც 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 77 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო გამოფენაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა 3 250-ს აღემატებოდა.
ამჟამად, გამოფენის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობს 11 ქართული კომპანია: შპს „არომაპროდუქტი“, შპს „კულა“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“, შპს „აერ კომპანი“, “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კომპანი“ და „შუხმანის ღვინოები“.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას. 2017 წელს FOODEX JAPAN 2017-ში ქართული პროდუქციის წარდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი ორგანიზებითა და თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.