ქართველი სპეციალისტების გამოგონებით, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოს ბაზარზე, ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა დაინტერესდა. ყირგიზეთს მთავრობამ ,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში შექმნილი ,,ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტის’’ ყირგიზეთის მთავრობის მართვის სისტემაში დანერგვის სურვილი გამოთქვა. მანამდე, ქართული ტექნოლოგიური გამოგონებით უკვე დაინტერესდნენ ისეთი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიც არიან HP და Prodware-ი.
დღეს ,,სილიკონ ველი თბილისს’’ სტუმრობდნენ ყირგიზეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ურან ახმეტოვი და IT ასოციაციის პრეზიდენტი აზის აბაკიროვი. სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა ქართველი სპეციალისტების გამოგონების ,,ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტის’’ პროგრამის გაცნობა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის იუსტიციის სისტემის მართვის სისტემაში ქართული ,,ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტის’’ დანერგვის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამ სისტემით სარგებლობისას საგრძნობლად გაადვილდება ისეთი დიდი უწყების მართვის პროცესი, როგორიც ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროა. მისი თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ პროგრამის საშუალებით, ერთ სივრცეში თავს იყრის მენეჯმენტისთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე მნიშვნელოვანია პროგრამის მიერ მენეჯმენტში არსებული სუსტი მხარეების გამოვლენა და მის მიერვე არსებულ პრობლემებზე რეკომენდაციების გაცემა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით ,,განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ჩვენს სივრცეში, ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი სისტემით უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაინტერესდნენ. ყირგიზეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის დღევანდელი სტუმრობა სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ტექნოლოგიების ექსპორტია, რითაც ქვეყანას უჩნდება შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბი.’’
,,ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტის’’ ყირგიზეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში დანერგვის გარდა, მომავალში ასევე იგეგმება ,,სილიკონ ველი თბილისის’’, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ყირგიზეთის მთავრობისა და ყირგიზეთის IT ასოციაციის თანამშრომლობა ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელება.