ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში გათვალისწინებული “ევროკავშირი - საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული SPS ქვეკომიტეტის” მე-2 სხდომა გაიმართა.
როგორც სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხები, ასევე ხელი მოეწერა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების სამოქმედო გეგმას, აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველომ 2015 წლიდან დაიწყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკიმისიის გენერალური დირექტორატის (DG SANTE, DG TRADE) წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები.