ნავთობზე ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს

ნავთობზე ფასი ამ დილის ვაჭრობისას მინიმალურად შეიცვალა, რასაც ბაზარზე გამოკვეთილი სიგნალების არარსებობა განაპირობებს.

ერთი მხრივ, ოპეკ-ის მიერ მოპოვების შემცირება ხელს უწყობს ნავთობზე ფასის ზრდას, მაგრამ მეორე მხრივ, ფასის ზრდის კვალობაზე, სულ უფრო იზრდება შეერთებულ შტატებსა და კანადაში ფიქალის ნავთობის მოპოვება, რაც მიწოდების ზრდას და ფასის კლებას უწყობს ხელს. ეს ორი ფაქტორი კი ერთმანეთს მეტნაკლებად აბალანსებს, რაც ფასის უმოძრაობაზე აისახება.

დღეს დილით "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.27 პროცენტით 55.86 დოლარამდე შემცირდა, მაგრამ შემდგომ საათებში 56.20 დოლარს მიაღწია და შემდეგ 56 დოლარამდე დასტაბილურდა. ამერიკულ WTI-ზე ფასი დილას 53.10 დოლარამდე იყო შემცირებული, თუმცა შემდეგ 53.40-ს ასცდა, რის შემდეგაც, 53.35-თან დასტაბილურდა.

ანალტიკოსების აზრით, ფასების ასეთ დინამიკას, ბაზარზე ძლიერი კატალიზატორების არარსებობა განაპირობებს. ინვესტორების ყურადღებას ამ ეტაპზე ჩინეთის ეკონომიკის სტატისტიკა იპყრობს, სადაც ექსპორტის და იმპორტის მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს.

ოპეკ-მა და მასში არშემავალმა 11-მა ნავთობმომპოვებელმა სახელმწიფომ გასული წლის დეკემბერში მოილაპარაკეს, რომ ამ წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, დღიური მოპოვება ჯამში 1.8 მილიონი ბარელით შემცირდეს. შეთანხმება 1 იანვარს შევიდა ძალაში და მას ვადა 1 ივნისს გასდის. გაგრძელდება თუ არა მისი მოქმედება, ეს ოპეკ-ის ივნისის შეხვედრაზე გაირკვევა.

ამ გარემოებამ, ნავთობზე ფასი ზრდისკენ მიდრეკილი გახადა. მაგრამ ზრდის შეკავებას ამერიკაში ფიქალის ნავთობის მოპოვების ზრდა უწყობს ხელს. ფიქალურ შრეებში მოპოვება ჩვეულებრივზე ძვირია, რის გამოც, ნავთობის ფასის კლება, ფიქალური ნავთობის მოპოვების შემცირებას იწვევდა. მაგრამ რაც ბარელის ფასი 50 დოლარს ასცდა, ფიქალური ნავთობის მოპოვებაც გაიზარდა. ეს კი ნავთობზე ფასის შემდგომ ზრდას აფერხებს.

საერთაშრისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) პროგნოზით, ამერიკაში ფიქალური ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობა 2022 წელს 1.4 მილიონ ბარელს მიაღწევს.

bpn