სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა კობალაძის დაკავების ფაქტს ადასტურებს. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს , გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალის ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე).