ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა ორდღიანი გაფიცვის შემდეგ მუშაობა განაახლეს, თუმცა მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდეს. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ საპასუხო განცხადება გაავრცელა.
„მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით ორი დღეა ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ შეწყდა პროტესტი და სამარშუტო ტაქსების ნაწილი გაზრდილი ტარიფით ემსახურება მგზავრებს. ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას, გვაცნობეთ „ცხელ ხაზზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.