ვის ჯიბეში მიედინება მცირე მეწარმეებისთვის განკუთვნილი მილიონები?

„საქართველოში მცირე ბიზნესის ხარჯზე მსხვილი ბიზნესი ვითარდება“

"ბიზნესში არსებობს ორი მომაკვდინებელი ცოდვა - იმოქმედო წინდაუხედავად და - საერთოდ არ იმოქმედო - წერს ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენი. დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ წერტილზეა გაყინული, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წელს მცირე ბიზნესში 138 ათასი კაცი იყო დასაქმებული, 2014 წელს - 168 ათასი, 2015 წელს მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა, რადგან დასაქმებულთა სიას მხოლოდ ათასი კაცი დაემატა. 2016 წლის მონაცემების მიხედვით კი, მცირე ბიზნესში 148 ათასი კაცია დასაქმებული. ბოლო წლებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა საშუალო ბიზნესშიც: ამ სექტორში 2015 წელს 100 ათასი კაცი საქმიანობდა, ხოლო 2016 წლის მონაცემებით - 96 ათასი ანუ იმდენივე, რამდენიც 2013 წელს. საერთო ჯამში, წელს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით შემცირდა. სამაგიეროდ, იზრდება მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა რიცხვი. ამ სექტორში 2015 წელს 340 ათასი, ხოლო 2016 წლის მეორე კვარტალში 365 ათასი კაცი მუშაობდა.

„საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გარეშე საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდება და ქვეყანა სიღარიბის ჭაობიდან ვერ ამოვა.

თამაზ ვაშაკიძე:

- ყველაფრის მიზეზი მთავრობის არასწორი დამოკიდებულებაა. საქართველოს ყველა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ საქართველოს მცირე მეწარმეობა არ სჭირდება. სამაგიეროდ, მცირე მეწარმეები საქართველოში არიან არაბები, ჩინელები და თურქები, რომლებსაც მათი ქვეყნები აფინანსებენ. ისინი 20-30 ათასი დოლარით შემოდიან საქართველოში, მცირე საწარმოებს ხსნიან და წარმატებულადაც საქმიანობენ.

თამაზ ვაშაკიძის თქმით, მცირე ბიზნესისგან განსხვავებით, საქართველოში მსხვილი ბიზნესი იმიტომ ვითარდება, რომ მას აქტიურად უჭერს მხარს სახელმწიფო:

-მსხვილ ბიზნესს ჩვენი სახელმწიფო და კომერციული ბანკები ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებენ. ბანკებს მთელ მსოფლიოში აკრძალული აქვთ სამეწარმეო საქმიანობა, ჩვენთან კი, მხოლოდ ერთი წელია, რაც აუკრძალეს. რას ნიშნავს ეს აკრძალვა საქართველოში? - პრაქტიკულად, არაფერს. მაგალითად: M2 ოფიციალურად აღარ არის „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ორგანიზაცია, მაგრამ როგორ მუშაობს? - „საქართველოს ბანკის“ კრედიტზე. ანაკლია მისცეს „თიბისი ბანკს“ და მილიარდამდე დაფინანსება გამოუყვეს... მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მსგავს პრივილეგიებზე ვერც იოცნებებენ. შეიძლება გიგანტური საწარმოები ვერ დაარსდეს, მაგრამ ჯინსების, ან მაისურების შეკერვა აღარ შეგვიძლია?! ქვეყანაში მილიონობით ლარის ოდენობის გრანტი შემოდის და არავინ იცის ეს ფული სად მიდის. გამოდის, რომ ამხელა თანხა მხოლოდ ტრეინინგებში იხარჯება, რადგან წინსვლა ამ სფეროში საერთოდ არ იგრძნობა.

სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებები აქვს ეკონომიკის ექსპერტ მიხეილ დუნდუას.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერი არ არის და ამ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესიც ვერ იქნება ძლიერი, თუმცა ბოლო წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.

მიხეილ დუნდუა:

- ავიღოთ თუნდაც „აწარმოე საქართველოში“, ან სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სხვა პროგრამები - ეს ყველაფერი მცირე მეწარმეობის განვითარების მიზნით კეთდება. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების წამოწყება, რომელიც კომერციულ ბანკებს წაახალისებს და წააქეზებს, რომ მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება შეძლონ. ეს საკითხი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოიკვლია, მათ შორის, გერმანიის განვითარების ბანკმა, ხოლო სავალუტო ფონდმა ეროვნულ ბანკს უკვე მისცა რეკომენდაციები, რომლითაც გაადვილდება ბანკების მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება. თუ ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, წინსვლა აუცილებლად იქნება.

„საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ანზორ საკანდელიძე კი მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესს ვერანაირი პროგრამა ვერ უშველის, თუ სახელმწიფომ მისი რეალური ხელშეწყობა არ დაიწყო.

ანზორ საკანდელიძე:

- ამ სფეროს სერიოზული სტიმული სჭირდება, სხვაგვარად წინ ვერ წავალთ. ამდენი წელია მცირე ბიზნესის პრობლემებზე ვმუშაობ და მცირე მეწარმეობის აღდგენა რეალურად არავის სურს, რადგან არ სურთ ხალხის დასაქმება და საშუალო ფენის შექმნა. დღეს მცირე მეწარმეებს თვალსა და ხელს შუა ძარცვავენ: კაცმა არ იცის ვინ სარგებლობს უცხოეთიდან შემოსული გრანტებით და დახმარებებით, რომელიც მცირე მეწარმეებს ეკუთვნით, ქვეყანაში არ არსებობს კანონი, არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს და ასეულობით მილიონი დოლარი მიედინება მაფიოზების ჯიბეში. საქართველოში საშუალო ფენის შექმნა არც შევერდნაძის და არც სააკაშვილის ხელისუფლებას არ სურდათ, მათ ტრადიციებს არც დღევანდელ ხელისუფლება ღალატობს - აცხადებს „თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

ხათუნა ჩიგოგიძე