ჰაერის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც უამრავ დაავადებას იწვევს და მილიონობით ადამიანს კლავს. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით ხუთ წლამდე ბავშვებს ვნებს. სხვადასხვა ტიპის გამონაბოლქვითა და მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ანადგურებს ბავშვების იმუნურ სისტემას, შინაგან ორგანოებსა და ტვინს კი ნორმალური განვითარების საშუალებას არ აძლევს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დაბინძურებული ჰაერი სანიტარული პირობების არქონასთან და დაბინძურებულ წყალთან ერთად, ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 1.7 ბავშვის სიცოცხლეს იწირავს.
ამავე ანგარიშში ლაპარაკია იმაზე, რომ ხუთ წლამდე ბავშვებში სიკვდილის ოთხი შემთხვევიდან, ერთზე მეტს არაჯანსაღი გარემოს ზემოქმედება იწვევს. უფრო მეტიც, რესპირატორული ინფექციები, რომლებსაც შიდა და გარე ჰაერის დაბინძურება იწვევს, მათ შორის პასიური მწეველობა წელიწადში 570 000 ბავშვის სიცოცხლეს იწირავს.
WHO-ს ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურება და მეორადი მწეველობა ადრეულ ასაკში არამხოლოდ ზრდის პნევმონიით დაავადების რისკს, არამედ ზრდის იმის საშიშროებასაც, რომ ადამიანი ისეთი ქრონიკული სნეულებით დაავადდება, როგორიცაა ასთმა. ასევე იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების ალბათობას.
გარდა ამისა, ანგარიშში გარემოს დაბინძურების სხვა ფაქტორების ზემოქმედებაზეცაა ლაპარაკი. მაგალითად, ყოველწლიურად ხუთ წლამდე ბავშვების დაღუპვის 361 000 შემთხვევას იწვევს ბინძური წყლით და სანიტარული პირობების უქონლობით გამოწვეული დიარეა; 200 000 იღუპება მალარიით, ამდენივე კი მოწამვლით, ჩამოვარდნით მიღებული ტრავმების ან დახრჩობის შედეგად.
ორგანიზაციის კიდევ ერთი ანგარიშის თანახმად, ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის გამომწვევი ისეთი მიზეზები, როგორებიცაა დიარეა, მალარია და პნევმონია, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრას სუფთა წყლის და საკვების მოსამზადებლად უფრო სუფთა ენერგიის წყაროს გამოყენებით.