"პირველ რიგში, ფასები 7-დან 15 წლამდე მანქანებზე მოიმატებს"
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. ერთნაირი, მომატებული ტარიფით დაიბეგრა როგორც ახალი - ერთ წლამდე ავტომობილი, ისე 14 წელიწადზე მეტი ხნისა. აქციზი უცვლელი დარჩა მხოლოდ 3 და 4 წლის მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის, ხოლო 5 წლის ავტომობილისა შემცირდება კიდეც... აზრს დაკარგავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამოყვანა, რადგან მათი განბაჟება მარცხენასაჭიანებზე სამჯერ ძვირი ღირს.
ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი:
"საქართველოსმთავრობამ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოტივით 2017 წლიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების გაძვირება გადაწყვიტა. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა 3-დან 5-წლამდე ავტომობილები, თუმცა ეს შეღავათი ავტომობილის თვითღირებულებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ამას ემატება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების, მარცხენასაჭიანებთან შედარებით, სამჯერ მეტი ფასის დაწესება. კანონპროექტის განმარტებით, ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები ქვეყნის ავტოპარკის განახლებას შეუწყობს ხელს, რაც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას, შემცირდება ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები, რომლებიც თურმე ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევენ ხშირად.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებს კავშირი არა აქვს არც მოძრაობის უსაფრთხოებასთან და არც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ლოგიკას მოკლებული არგუმენტია, რომ ეს რეგულაციები ავტოპარკს განაახლებს. განახლება პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის შემოსავლის გაზრდაზე. რაც შეეხება ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს, შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაში ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა არც ერთ შემთხვევაში არ არის დასახელებული ავარიის გამომწვევ მიზეზად.
რეალური შედეგი, რასაც ავტომობილების განბაჟებისას აქციზის ზრდა გამოიწვევს, ავტომობილების საშუალოდ 30%-ით გაძვირებაა - მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის. პირველ რიგში, გაძვირდება ყველაზე პოპულარული - 7-15 წლის ავტომობილები. მათზე დიდ მოთხოვნას ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებს. ავტომობილი, რომლის საბაზრო ღირებულება დღეს საშუალოდ 3 ათასი დოლარია, ახალი სააქციზო ტარიფების ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 1 000 დოლარით მაინც გაძვირდება. ოფიციალური მონაცემებით, იმპორტირებული ავტომობილების 95% არის 7-20 წლამდე სატრანსპორტო საშუალებები. მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის კი მომხმარებელს სამმაგი განბაჟების ტარიფის გადახდა მოუწევს, რაც ავტომობილის თვითღირებულებას აღემატება და მათი ჩამოყვანაც აზრს დაკარგავს.
მაგალითად, ახლა დიდია მოთხოვნა 2005 წლის წარმოების, ძრავის მოცულობით 2000 კუბსმ, ავტომობილ "მერსედეს-ბენც" C-Class-ზე. თუ მოქმედი ტარიფებით ასეთი ავტომობილისთვის 1 კუბსმ-ის განბაჟება ღირს 0,5 ლარი და ჯამში 1 000 ლარი დაჯდება, ცვლილების ამოქმედების შემდეგ 1 კუბსმ-ის განბაჟება 1,2 ლარი ეღირება და განბაჟება უკვე 2 400 ლარი დაჯდება (მარჯვენასაჭიანისა - 7 200 ლარი).
პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ავტოდილერებიც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება მე-100 ნაწილი, რომლის თანახმად, გაზრდილი ტარიფი არ შეეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 2016 წლის 1-ლ დეკემბრამდე, მაგრამ ავტომობილის შეძენისა და ტრანსპორტირების თარიღები 1 კვირიდან 1 თვემდე მერყეობს. შესაბამისად, ბევრი ავტომობილია შეძენილი 2016 წლის 1-ლ დეკემბრამდე, რომელთა ტრანსპორტირება ამ ვადამდე არც დაწყებულა. ეს კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზია, რადგან ის რეგულაციას რეტროგრადულად გვიწესებს და უკვე ნაყიდ ავტომობილებს გვიძვირებს.
რაც შეეხება კითხვას, ღირს თუ არა კანონში ცვლილებების შესვლამდე ავტომობილის შეძენა ან გაყიდვა? შექმნილი ვითარება ავტომობილის შესაძენად ბევრისთვის იქნება მომგებიანი, თუმცა რისკებიც ახლავს თან. ახლა ბაზარზე გაურკვევლობაა, შესაბამისად, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები საგრძნობლად შემცირებულია, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმ საერთაშორისო აუქციონებზე, სადაც საქართველოში ჩამოსაყვან ავტომობილებს ყიდულობენ. ასეთ ვითარებაში ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილის შეძენა საკმაოდ სარფიანად არის შესაძლებელი, აგრეთვე, მეტად მაცდუნებლად გამოიყურება ფასები საერთაშორისო აუქციონებზე, თუმცა დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, დაანონსებულ ვადებში ამოქმედდება თუ არა კანონპროექტი".
ემა ტუხიაშვილი
წყარო „კვირის პალიტრა"