ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ორდღიანი აქცია დასრულდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, მიკროავტობუსები და ავტობუსები დილიდან მგზავრთა გადაყვანას ძველი ტარიფით უზრუნველყოფენ.
ქუთაისის მერიამ ის მძღოლები, რომლებმაც არასანქცირებული აქცია გამართეს და თვითნებურად მგზავრობის საფასური გაზარდეს, დააჯარიმა.
"მგზავრობის ღირებულების 10 თეთრი ზრდა ასე ცალსახად არ მოხდება. ჩვენ მძღოლებს შევთავაზეთ გარკვეული პირობები, რომელზედაც უმრავლესობა დათანხმდა. მინდა გითხრათ, რომ გუშინ რამდენიმე საათით 50-მდე მძღოლმა მგზავრობის ღირებულება თვითნებურად გაზარდა, რის გამოც ისინი 100-100 ლარით დავაჯარიმეთ", - აღნიშნავს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი.
ქუთაისში 600-მდე მძღოლი ორი დღის განმავლობაში გაფიცული იყო. ისინი მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდას ითხოვდნენ.