ფონდმა „ქართუმ“ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას აჩუქა

დღეს ფონდმა „ქართუმ“ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცა, - ამის შესახებ  აჭარის მთავრობიდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და რაგბის კავშირის რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა.

რაგბის მოედანზე შეკრებილ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის რაგბისტებს და მათ გულშემატკივრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახალი სარაგბო კომპლექსის აშენება მიულოცა.

„ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. დღეს ჩვენ მივიღეთ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული რაგბის ბაზა. ჩვენი რეგიონისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბაზას სამი მოედანი აქვს, რომლებზეც დარწმუნებული ვარ არაერთგზის სპორტული შეჯიბრება და საერთაშორისო დონის ღონისძიება მოეწყობა. ფაქტიურად, აჭარა მზად არის სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში საერთაშორისო დონის ძალიან სერიოზულ გუნდებს ვიხილავთ ბათუმში და მინდა ყველა ბათუმელს მივულოცო ასეთი კარგი ობიექტის გახსნა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

"ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ყველა სპორტსმენისთვის. მინდა ყველას მივულოცო და უდიდესი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს", ქალაქის მერიას და დარწმუნებული ვარ ეს ბაზა არაერთ საერთაშორისო დონის შეჯიბრებას უმასპინძლებს. აქ არაერთი ახალგაზრდა დაოსტატდება და გაახარებს ჩვენს გულშემატკივრებს“, - აღნიშნა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

კომპლექსის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი - 500 მაყურებელზეა გათვლილი, მესამე ქვიშის მოედანი კი ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის იქნება გამოყენებული. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც საშუალებას იძლევა თამაშები და წვრთნები ღამის საათებშიც ჩატარდეს. კომლექსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მაყურებლებისთვის მოწყობილია სპეციალური ავტოსადგომი.

სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 355 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 596 000 ლარი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო.

რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.

აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის.