სკოლის მოსწავლეებმა - ნინო აბელაშვილმა და კარლო ხუციშვილმა ეტლით მოსარგებლეთათვის ინოვაციური ეტლი Non-stop შექმნეს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი პროექტი Non-Stop ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს "შეუჩერებლად", დაბრკოლებების სწრაფად გადალახვის საშუალებას აძლევს. როგორც პროექტის აღწერაშია ნათქვამი, Non Stop-ის საშუალებით, შესაძლებელია უსაფრთხოდ გადაადგილება სხვისი დახმარების გარეშე. ასევე შესაძლებელია ეტლის მორგება ხელის მტევნის პრობლემის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირებზე. სპეციალური პროგრამა და GPS ასევე პარკირების პრობლემასაც აგვარებს.
როგორც გამოგონების ერთ-ერთი ავტორი ამბობს, Non Stop ეტლით მოსარგებლეებს ცხოვრებას სრულად შეუცვლის და გაუუმჯობესებს.
”ბავშობიდან დაინტერესებული ვიყავი შშმ პირების ცხოვრებით და სულ მინდოდა შემექმნა ისეთი ინოვაციური გამოგონება, რომელიც მათ ცხოვრებას უფრო გაუმარტივებდა და გაუხალისებდა. ხშირად მქონდა ურთიერთობა შშმ პირებთან. ჩემი ერთ-ერთი მეგობრის გიორგი ორლოვსკის საშუალებით გავიცანი ნინო აბელაშვილი, რომელიც გამოგონებებით იყო დაინტერესებული. მას ჩემი გამოგონება გავაცანი და ერთად დავიწყეთ ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გაგვეუმჯობესებინა. შევხვდით ეტლით მოსარგებლე პირებსა და მათ მშობლებს, შევისწავლეთ არსებული ბაზარი და ყველა პრობლემა, რაც ეტლით მოსარგებლეებს აწუხებდათ, ჩვენს პროექტში შევიტანეთ“, - ამბობს კარლო ხუციშვილი.
მისივე თქმით, პროექტი მრავალფეროვანია და ბევრ კომპონენტს მოიცავს. ეტლს წამყვანი კონსტრუქცია უმაგრდება, რომელიც მას სწრაფსა და გარემოზე მორგებულს ხდის.
„ყველა ეტლის პრობლემას მისი წონა წარმოადგენს. ჩვეულებრივი ელექტრო ეტლი, ყველაზე მცირე, 38 კილოგრამს იწონის, ჩვენი ეტლი კი 10 კილოგრამს იწონის, ხოლო წამყვანი კონსტრუქცია 12 კილოს, ეს უკვე დიდი მიღწევაა. ასევე ერთ-ერთ მწვავე პრობლემას ეტლის გადატანა და მისი ტრანსპორტირება წარმოადგენს. ჩვენს ეტლს კი მსგავსი პრობლემა არ ექნება, წამყვანი კონსტრუქცია იკეცება და 25 სმ-ია. სხვა ეტლების ელემენტების ხანგრძლივობა დაახლოებით 2 ან 3 საათია, ჩვენი ეტლის საშუალებით კი მომხმარებელს 4 საათის განმავლობაში შეუძლია გადაადგილება, ასევე როდესაც ეტლი გადაადგილდება, იგი სპეციალური სქემის საშუალებით ავტომატურად იმუხტება. ჩვენ მაქსიმალურად გავზარდეთ მისი გადაადგილების მანძილი. ეტლს 50-დან 70 კმ/სთ სიჩქარემდე შეუძლია განავითაროს”, - გვეუბნება კარლო ხუციშვილი.
გამომგონებლის თქმით, ეტლი ადაპტირებულია ხელის მტევნის პრობლემის მქონე ადამიანებზე, უსინათლოებსა და სმენადაქვეითებულებზე.
”ჩვენ გავაკეთეთ ხელთათმანი, რომელსაც მომხმარებელი გაიკეთებს და მისი საშუალებით ხელის გაშლასა და მოკეცვას შეძლებს. ის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ჩაერთვება და რაც მთვარია, ეტლის მართვას დამოუკიდებლად მოახერხებს. ეტლი ასევე მორგებულია უსინათლოებსა და სმენადაქვეითებულებზე. ასევე შევქმენით ხელთათმანი ”ნონსტოპ გლოუ”, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია თავისი ეტლი მართოს იმ მიმართულებით, საითაც ის ხელს გადახრის. ამ ხელთათმანით მათ ასევე შეუძლიათ უკაბელოდ ითამაშონ კომპიუტერული თამაშები და შეიჭრან ვირტუალურ სამყაროში”, - ამბობს Non Stop-ის შემქმნელი.
ინოვაციურ ეტლს ასევე აქვს დამცავი ჩაფხუტი. Non Stop-ის მართვა შესაძლებელია სახლიდანაც და ასევე მომხმარებელისთვის გადაჭრილია პარკინგისა და პანდუსის პრობლემები.
”დამცავ ჩაფხუტში ჩამონტაჟებულია სენსორი, რომელიც დაჯახებასა და გადახრა-გადატრიალებას აღიქვამს. ამ დროს ის ინფორმაციას აწვდის მთავარ სქემას და ჩაფხუტიც იშლება. ასევე ბევრი ეტლით მოსარგებლე ბავშვის ოცნებაა, რომ გარეთ დამოუკიდებლად გამოვიდეს და გადაადგილება შეძლოს. სპეციალური პროგრამის საშუალებით მშობელს, მეურვეს შეუძლია შვილი სახლიდან აკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში, ეტლი სახლიდან მართოს. რაც შეეხება პარკირებას, ეტლით მოსარგებლეს შეეძლება აპლიკაციის საშუალებით აკონტოლოს პარკინგის ადგილი და ასევე ბარათის საშუალებით წინასწარ დაჯავშნოს მისი სადგომი ადგილი”, - ამბობს ინოვაციის ავტორი კარლო ხუციშვილი.
იხილეთ ინგლისური ვერსია - Young Georgian inventor’s wheelchair might change the life of PWDs