საუდის არაბეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟურნალ Alam Al-Rajul-ის თებერვლის ნომერში, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ - „საქართველო... ცხოვრების საუკეთესო მოგზაურობა“.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, სტატიის ავტორი ხაზგასმით საუბრობს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე, კულტურასა და მდიდარ ისტორიაზე, სამზარეულოს მრავალფეროვნებასა და მასთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და ტრადიციებზე. აღნიშნულია, რომ მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, საქართველო გამოირჩევა ზომიერი კლიმატითა და მდიდარი ბუნებით - მთებით, ნაკრძალებით, მინერალური და სამკურნალო წყლებით.
ამასთან, სტატიის ავტორი აქვეყნებს სხვადასხვა კურორტების, სასტუმროებისა და რესტორნების ჩამონათვალს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისათვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სტატია საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანამონაწილეობით დაიბეჭდა, რაც, უწყების შეფასებით, კიდევ ერთი ნაბიჯია არაბულ სამყაროში საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციის საქმეში.