საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანებას (Union camere) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.
„მემორანდუმი იტალიისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორების დაკავშირების ხელშეწყობის მიზნით ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას ითვალისწინებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა იტალიის დედაქალაქში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
დაბალი ტარიფები, მსუბუქი საბაზრო რეგულაციები, ბაზრის ფიზიკური და ნორმატიული ხელმისაწვდომობა, ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, გეოსტრატეგიული მდებარეობა, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემა და გზატკეცილები, ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნესის წახალისებაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები და საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ ბიზნესმენებს გააცნო. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანჯელინო ალფანომ. მისი თქმით, საქართველოსა და იტალიას განსაკუთრებულად მჭიდრო და ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ.
ბიზნეს-ფორუმის მთავარ მიზანს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოდან 110 კომპანიის წარმომადგენელი გაემგზავრა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა პირისპირ შეხვედრები ქართული და შესაბამისი სფეროს იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოტენციურ პარტნიორებთან.
ბიზნეს-ფორუმზე პრეზენტაციებისა და "B2B" ფორმატში გამართული შეხვედრების მთავარი თემა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და მრეწველობის დარგები იყო, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, საფეიქრო და მანქანა-დანადგარების წარმოება. იტალიური მხრიდან, კერძო კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილნი იყვნენ ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანი ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა, მათ შორის, Confindustria, ICE, SACE, SIMEST, Unioncamere და სხვ.
პრემიერ-მინისტრის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გადაწყდა, რომ 2017 წლის მაისში თბილისს იტალიის ბიზნეს-მისია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან უმსხვილესი იტალიური კომპანიები და ადგილზე შეისწავლიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს“, - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაში.