ქედის მუნიციპალიტეტი 15 ათას ლარს არამიზნობრივად ხარჯავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა.
ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ შპს "ქედისწყალკანალის" მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ავტომობილის შესაძენადაა მიმართული, კორუფციულ ეჭვებს ბადებს. ვაჟა ბოლქვაძე, ქედის გამგეობას მოუწოდებს, რომ გამოცხადებული ტენდერი შეწყდეს.
„შპს ქედისწყალკანალმა“ 27 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ტექნიკური მახასიათებლიდან გამომდინარე, ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ კორუფციულ გარიგებას აქვს ადგილი. მაშინ, როცა „უაზის“ ტიპის ავტომობილი ქედის მუნიციპალიტეტს ეზოში უმოქმედოდ არის გაჩერებული, 15 ათას ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. სასწრაფოდ შეწყდეს ტენდერი და აღნიშნული ავტომობილი შპს „ქედისწყალკანალს“ გადაეცეს“, - აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებას ქედის გამგებელი დავით დუმბაძე გამოეხმაურა. მან ოპოზიციის წევრი აბსურდული განცხადების გავრცელებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ არსებული ავტომობილის ღირებულება 2 500 ლარს შეადგენს და მის შესაკეთებლად ყოველწლიურად 3500 ლარი იხარჯება, რის გამოც საჭიროა ახალი ტექნიკის შეძენა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დემაგოგიით არის დაკავებული და მანქანა, რომელიც არსებობს, საბჭოთა კავშირის დროინდელი „უაზის“ ტიპისაა, მისი შეკეთება ყოველწლიურად 3500 ლარზე მეტი ჯდება. მანქანის ღირებულება შეფასებულია 2500 ლარად. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პიარისთვის ამბობს ამას, ცოტა დაფიქრდეს ვაჟა ბოლქვაძე და უფრო კომპეტენტური შენიშვნა გააკეთოს. აბსურდული განცხადებაა“, - აცხადებს დავით დუმბაძე.