კარგი იქნებოდა, წელიწადნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ და არ მიგეღოთ კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა , - აღნიშნული განცხადება ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.
”ეკა ბესელია, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი კახიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, მანანა კობახიძე, გუგული მაღრაძე, ზაზა პაპუაშვილი, გია ჟორჟოლიანი, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ქანთარია, ზაქარია ქუცნაშვილი, ზვიად ძიძიგური, ფატი ხალვაში - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკიდან გასულიყო. დღეს კი ვერ ასახელებენ არგუმენტს, თუ რატომ შეეცვალათ აზრი! ჩვენ მოვისმინეთ ზოგი კოლეგის გულწრფელი აღიარება, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ქადაგიძეს ებრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ენდობოდა. სწორედ ამიტომ ჩამოერთვა ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის ფუნქცია. ახლა ივანიშვილი არ ენდობა პრეზიდენტს და უნდა საკანონმდებლო გზით პრეზიდენტის არჩევის უფლება საზოგადოებას ჩამოართვას. ნუ იქნებით ივანიშვილის მარიონეტები. ახლა ინიცირებულ კანონს მივესალმებით, თუმცა კარგი იქნებოდა წელიწადნახევრის წინ ჩვენთვის მოგესმინათ, არ მიგეღოთ ეს კანონი, რომლის შედეგად საქართველომ მილიონობით ლარი იზარალა”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც ეროვნულ ბანკში 2015 წლამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას და მის შემადგენლობაში ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნებას ითვალისწინებს.
საკითხი პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ წარუდგინა.
ცვლილებების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, ეროვნულ ბანკი განისაზღვრება.