მსოფლიოში უდიდესმა, ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა გასულ წელს 53 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო, რაც მეტწილად აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ და მეზობელი და განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე აქტიურობამ განაპირობა.
ქვეყნის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა, რომელიც ოსლოშია ბაზირებული და რომლის მოცულობაც თითქმის 900 მილიარდი დოლარია, 2016 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 6.9 პროცენტით იხეირა. შედარებისთვის, წინა წლის მოგება „მხოლოდ“ 2.7 პროცენტი იყო. მოგების მეტი წილი (8.7 პროცენტი), აქციებზე მოდს, ობლიგაციებზე 4.3 პროცენტია, უძრავი ქონების ინვესტიციებზე კი - 0.8 პროცენტი.
ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორ ინგვე სლინგსტადის თქმით, მოგების დიდი წილი პოლიტიკურ მოვლენებზე და არასტაბილურობაზე მოდის. ფონდის ყველა აქტივი მომგებიანია, თუმცა ყველაზე მეტად მომგებიანი სააქციო კაპიტალი აღმოჩნდა.
განსაკუთრებით მომგებიანი გამოდგა გასული წლის მეოთხე კვარტალი, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების მოულოდნელი შედეგით დასრულებამ, საფონდო ბაზრების ზრდა გამოიწვია. იგივე შედეგი აქვს გადასახადების და რეგულაციების შემცირებით გამოწვეულ ოპტიმიზმსაც, რასაც კორპორაციების მოგების სტიმულირება შეუძლია. ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ბაზრები მსოფლიო ეკონომიკის და ინფლაციის უფრო სწრაფი ზრდის მოლოდინში არიან, რაც სააქციო და საფონდო ბაზრების ოპტიმიზმს აძლიერებს.
ნორვეგიული ფონდი ინვესტიციებს მსოფლიოს 77 ქვეყანაში ახორციელებს. ახლახანს მისი ინტერესის სფეროში არგენტინაც მოექცა. ფონდი 1990-იანი წლების შუაწელში დაარსდა და მას შემდეგ, სახელმწიფომ მისგან ფული (101 მილიარდი კრონი) ბიუჯეტისთვის პირველად შარშან გამოიტანა.
გასული წლის ბოლოსთვის, ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდს თავისი კაპიტალის 62.5 პროცენტი აქციებში, 34.3 პროცენტი ფიქსირებულ აქტივებში, 3.2 პროცენტი კი უძრავ ქონებაში ჰქონდა დაბანდებული. მოგებამ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზულ მაჩვენებელს 0.1 პროცენტით გადააჭარბა.