ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოტის წყაროს წყალზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი ხვალ სრულდება.
სოფლის მოსახლეობა კი აღნიშნული წყაროს წყალზე ლიცენზიის გაცემას აპროტესტებს და აქციებით იმუქრება.
გამოცხადებული აუქციონის თანახმად, მტკნარი წყლით სარგებლობის ლიცენზიის ვადად 25 წელია განსაზღვრული, აუქციონის საწყის ფასად - 10 065 ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯად 1 006.5 ლარია მითითებული.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, წყალზე ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით, მათ ფიზიკურმა პირმა გასულ წელს მიმართა. ქართველი ინვესტორი იქ ჩამოსასხმელი ქარხნის აშენებას და ადგილობრივების დასაქმებასაც გეგმავდა.
„მოთხოვილი იყო წელიწადში 2 ათასი კუბური მეტრი სამეწარმეო დანიშნულებისთვის და ათასი კუბური მეტრი ჩამოსხმის მიზნით. ის წყარო საკმაოდ მაღალ დებეტიანია, კერძოდ, წამში 7 ლიტრიანი დებეტი აქვს. ლიცენზიის გაყიდვის შემთხვევაში განმცხადებელს წამში მხოლოდ 2 ლიტრი აქვს მოთხოვნილი, რაც ნიშნავს რომ 5 ლიტრის გამოყენება იქაურ მოსახლეობას კვლავ შეეძლება,“- აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ მაია ზავრაშვილმა.
მისივე თქმით, პირდაპირ სალიცენზიო პირობად განისაზღვრება რომ ლიცენზიის მფლობელმა მოსახლეობას წყლით სარგებლობაში ხელი არ შეუშალოს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იცვლება ზამთრის პერიოდში წყლის მოცულობა და რამდენად მოხერხდება როგორც ლიცენზიის მფლობელის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების დაკმაყოფილება, ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
თუმცა, ზავრაშვილის თქმით, „ჰიდროგეოლოგები რომლებმაც სალიცენზიო ობიექტის შესაძლებლობები შეაფასეს, ირწმუნებიან, რომ ეს არავითარ გავლენას არ იქონიებს მოსახლეობის მიერ გამოყენებულ მოცულობაზე“.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ზილინაშვილი კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ზამთარში წყლის დებეტი ყველგან იკლებს. ზუსტ მონაცემს, თუ რამდენით მცირდება ზამთარში წყაროს დებეტი წამში, ზილინაშვილი ვერ გვეუბნება, მაგრამ ამბობს, რომ ეს უმნიშვნელო ცვლილებაა.
მისივე ცნობით, აჩხოტში დაახლოებით 400, სოფელ არშაში კი 500 მოსახლე ცხოვრობს, რომელთაც სასმელი წყლის პრობლემა არ აქვთ, რადგან ორივე სოფლის მოსახლეობას სახლებში მიეწოდება წყალი, რომელიც სასმელად ვარგისია.