ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფისა და შემდეგ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროსაც იყო მიღებული , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა და ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე განმარტებების გაკეთება სთხოვა.
თალაკვაძის განცხადებით, 2015 წელს, როცა აღნიშნული სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ადგილი ჰქონდა ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას, რეზერვების არაადკვატურ მართვას და იყო ბევრი კითხვა რეფინანსირების აუქციონებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არ არსებობდა კომუნიკაცია და ხიდი იყო ჩატეხილი ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის.
”ახლა აღმოფხვრილია თანამშრომლობის პრობლემა, რომელიც ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის არსებობდა. დღეს არსებობს ნორმალური თანამშრომლობა. გარდა ამისა, შექმნილია სამართლებრივი ჩიხი - საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის განხილვა დაიწყო და ამ განხილვას ბოლო არ უჩანს. ბუნებრივია, ადეკვატურია გადაწყვეტილება, რომ ისევ რეინტეგრაციის მექანიზმით დავასრულოთ ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება, რადგან ვერ დაელოდება მთელი სისტემა, როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ეს ორი არგუმენტი ჩვენთვის საკმარისია”, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც ეროვნულ ბანკში 2015 წლამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას და მის შემადგენლობაში ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნებას ითვალისწინებს.
საკითხი პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარუდგინა.
ცვლილებების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, ეროვნულ ბანკი განისაზღვრება.