მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) და ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ენერგეტიკის სფეროში წლიური 500 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სუბსიდიების არსებობა გამოავლინა , - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრიდან „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ იუწყებიან.
WEG მიიჩნევს, რომ აფხაზეთის, ყაზბეგ-დუშეთის და სვანეთისა და თბილისის ნაწილის სუბსიდირება უნდა დაიხვეწოს და სხვა ფორმებით განხორციელდეს.
ანალიტიკური ცენტრის ცნობით, სუბსიდირება ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელს უშლის, იწვევს ენერგიის უყაირათო მოხმარებას და, შესაბამისად, იმპორტზე მეტ დამოკიდებულებას ასევე, ენერგიის სუბსიდირება ზრდის სოციალურ უსამართლობას.
მათივე განცხადებით, ენერგეტიკული სუბსიდირება სახელმწიფოს სუსტი პოლიტიკის მაჩვენებელია:
„სუბსიდირების გამჭვირვალობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნაა. შეთანხმების 206-ე მუხლის მიხედვით, ორ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს სუბსიდიების ფორმის, მოცულობის ან ბიუჯეტის შესახებ ანგარიშის წარდგენა თუმცა, საქართველო ჯერჯერობით არ ახორციელებს ანგარიშგებას სუბსიდირების მოცულობისა და ეფექტურობის შესახებ.
2012-2014 წლების მონაცემებით: ყოველწლიურად 350 მილიონ ლარის სუბსიდირება ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზზე და ელექტროენერგიაზე შედარებით დაბალი ტარიფის დაწესებისთვის; თბოელექტროსადგურების დღგ-გან გათავისუფლება იმპორტირებული ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ქვეყნის ბიუჯეტს წლიურად 30 მილიონი ლარი უჯდებოდა. ელექტროენერგია უსასყიდლოდ მიეწოდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს, რომელიც ყოვეწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 160 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყოველწლიურად, დაახლოებით 5 მილიონი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ოჯახებისთვის ზამთარში უფასო გაზის მიწოდებაზე. ასევე, უფასოდ მიეწოდება ელექტროენერგია სვანეთის მოსახლეობის ნაწილს, რისი შეფასებაც ვერ მოხერხდა არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
თბილისის მუნიციპალიტეტი თავისი ბიუჯეტიდან დაახლოებით 25 მილიონ ლარს ხარჯავდა ელექტროენერგიის ვაუჩერებზე მოსახლეობის სოციალური სტატუსის მიუხედავად, რაც მომდევნო წლებში შეიცვალა; სუბსიდირების მოცულობა შემცირდა და უფრო მიზანმიმართული გახდა;
ენერგიის ფასების სუბსიდირება ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელს უშლის, იწვევს ენერგიის უყაირათო მოხმარებას და, შესაბამისად, იმპორტზე მეტ დამოკიდებულებას. ამასთან, ენერგიის სუბსიდირება ზრდის სოციალურ უსამართლობას, ვინაიდან 1. სარგებელს აძლევს მათ, ვინც მეტ ენერგიას მოიხმარს, ანუ მდიდრებს; 2. სუბსიდირებაზე იხარჯება სახელმწიფოს სახსრები, რაც სხვა შემთხვევაში უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სოციალურ თუ განვითარების პროგრამებზე დაიხარჯებოდა. მოსახლეობისთვის ტარიფების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება ეკონომიკის სექტორისათვის მაღალი გადასახადების დაწესების ხარჯზე ხდება, რაც შედარებით ჩამორჩენილი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი.
ენერგეტიკული სუბსიდირების ჩამოთვლილი სქემები დიდი ხნის დამკვიდრებულია და სახელმწიფოს სუსტი პოლიტიკის მაჩვენებელია: იმის გამო, რომ ეკონომიკურ ზრდას, დასაქმებას და ღირსეულ ხელფასებს ვერ უზრუნველყოფს, სახელმწიფო ხელოვნურად ამცირებს ენერგიის ფასებს რაც, როგორც უკვე აღინიშნა, ისევ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ხარჯზე ხდება; აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის უფასოდ მოხმარება ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების პრობლემის ნაწილია და მის გადასაჭრელად მუდმივი მეთოდური ძალისხმევაა საჭირო; ყაზბეგ-დუშეთის მოსახლეობისთვის გაზის და სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტრობის უფასოდ მიწოდება ასევე სახელმწიფოებრიობის და ერთიანი მართლწესრიგის ხარჯზე ხდება. შესაბამისად, ენერგიის ფასების სუბსიდირებით მოკლევადიან სარგებელს იღებს მოსახლეობის შეძლებული ფენა, ხოლო ზარალდება დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა და ქვეყნის განვითარების ინტერესები.
ბოლო ხანს უფრო ფართოდ ხდება ამ კანონზომიერების გაცნობიერება და სუბსიდირების სქემების ნაწილობრივ დახვეწა მაგალითად თბილისში თუმცა, სუბსიდირების მექანიზმები მაინც აგრძელებენ არსებობას და უარყოფით ზემოქმედებას. სუბსიდიების უმეტესობა უნდა გაუქმდეს ან, პირველ ეტაპზე, დაიხვეწოს, რათა გაჩნდეს უფრო ეფექტიანი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ტერიტორიაზე ერთიანი მიდგომების და მოქალაქეთა ენერგოუზრუნველყოფის ერთიანი პირობების დამკვიდრებაზე, რასაც მმართველობის გაძლიერება და საზოგადოების კონსოლიდაცია ესაჭიროება. ასოცირების შეთანხმების მოთხოვნის შესაბამისად სუბსიდირების სქემების ანალიზი და მათი ანგარიშგება ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. სხვა რეკომენდაციები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - http://www.osgf.ge/files/2016/EU%20publication/Angarishi_A4__Energy_GEO_Cor.pdf“, - აღნიშნულია ანალიტიკური ცენტრის ინფორმაციაში.