ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მთავარ ფოიეში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ანალიტიკური ვებპლატფორმის - „ბიუჯეტის მონიტორის“ გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
სახელმწიფო აუდიტის განცხადებით, ვებპლატფორმა (budgetmonitor.ge) პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და მყისიერად მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების, და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შექმნა ინოვაციური ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ვებგვერდი ინტერაქციულია და მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია მარტივად აღქმადი ფორმით, მოახდინოს სასურველი ინფორმაციის არჩევა, დამუშავება, სხვა მონაცემებთან შედარება, პროგნოზირება“, - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები.