3 წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს

იუსტიციის სამინისტროდან 3 წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სამინისტოს სასამართლო დავა მოუგეს.

სააპელაციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი თანამშრომელი - ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

აღნიშნული ცენტრიდან თანამშრომლები 2014 წელს დაითხოვეს. ანა სუბელიანი აცხადებდა, რომ ეს პირადად იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო. თანამშრომლების ინფორმაციით, მინისტრმა ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის სამსახურიდან დათხოვნა 2016 წელს საქალაქო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია, მას შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და მათთვის სრული განაცდურის ანაზღაურება მოუწევს. ეს თანხა 100 000 ლარზე მეტს შეადგენს ორივე თანამშრომელზე.

"სრული განაცდური და აღდგენა! მოვიგე! სამ წლიანი დავის მერე იუსიტიციას მოვუგე სასამართლო! დიდი მადლობა ყველას ვისაც სჯეროდა ჩემი. ძალიან რთული იყო 3 წლის მანძილზე სასამართლოების გადატანა, მით უმეტეს, მაშინ როცა ახლობელი ადამიანებისგან ვისმენდი პესიმიზმს, სკეპტიციზმს, "ყოფილიყავი ჩუმად და არავინ შეგეხებოდა"-ს, "საიდანაც ჭამ, იმ ჯამში არ უნდა იმასისქნა" -ს" - წერს ახობაძე

Advertisement

ფეისბუქის პირად გვერდზე.

ანა სუბელიანი სასამართლომ აღადგინა იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში, ტოლფას მედიაციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა 2014 წლის 11 მარტიდან, მის თანამდებობაზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის 1500 ლარის გათვალისწინებით.

თამაზ ახობაძე კი აღდგენილია იუსტიციის სამინისტროს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. სამინისტროს ასევე დაეკისრა, 2014 წლის 11 მარტიდან, მის თანამდებობაზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის 1500 ლარის გათვალისწინებით.

თორნიკე კოშკაძე

წყარო AMBEBI.GE