2027 წლამდე, ვიდრე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მფლობელი „ტავ ურბან ჯორჯია“ არის, საქართველოში ვერც ქართველი ბიზნესმენი და ვერც უცხოელი ინვესტორი ვერ გაბედავს და ვერ ააშენებს ახალ ქართულ აეროპორტს.
ამის შესახებ ექსპერტმა ავიაციის საკითხებში იასე ზაუტაშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში ბევრი კაბალური პუნქტია, ამიტომ ხელშეკრულება გადასახედია, მასში არსებული ბევრი პუნქტი კი შესაცვლელი და ამოსაღებია.
„სანამ ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, ისინი თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ამბობდნენ, რომ ქვეყანაში ორი კაბალური ხელშეკრულება არსებობს - ერთი ”ტავ ჯორჯიასთან”, მეორე ”სითი პარკთან”, რომლებიც მთელი რიგი დარღვევებით არის მიღებული წინა ხელისფულების მიერ და ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ ხელშეკრულებებს, შევისწავლოთ და თუ საჭირო იქნება, გავწყვიტოთ კიდეცო. ჩვენდა გასაოცრად, ”ტავ ურბანის” შემთხვევაში ეს ხელშეკრულება ისევ გასაიდუმლოვდა და კიდევ 10 წლის ვადით, 2027 წლამდე გაგრძელდა. მინდა მოგახსენოთ, რა არის ის კაბალური პირობები, რაც ამ ხელშეკრულების შიგნით დევს. პირველი, მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულება განსაზღვრავს მოსაკრებლის მატებას ყოველგვარი საფუძვლებისა და განმარტების გარეშე. მეორე კაბალური პირობა, რომელიც ხელშეკრულებაშია, ალბათ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იქნება შეურაცხმყოფელი. ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ სანამ ”ტავ ურბან ჯორჯია” არის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მფლობელი 2027 წლამდე, საქართველოში ვერც ერთი ქართველი ბიზნესმენი, ვერც ერთი უცხოელი ინვესტორი ვერ გაბედავს და ვერ ააშენებს ახალ ქართულ აეროპორტს“, - განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.
მისივე თქმით, მოსაკრებლის 2 დოლარით მომატების შედეგად, „ტავ ჯორჯია“ წლის ბოლოს 6 მილიონ დოლარს მიიღებს, რომელიც მთლიანად კომპანიის ჯიბეში წავა.
”მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, ”ტავ ურბანი” იტოვებს უფლებას, გაზარდოს მოსაკრებელი. ეს ტაქსა 22 დოლარით იყო განსაზღვრული, ახლა ეს 24 დოლარი გახდა. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე ბილეთის შეძენასთან ერთად, გადაიხდის 24 დოლარს ”ტავ ურბანის” სასარგებლოდ. ეს 2 დოლარის მომატება ხომ უნდა იყოს რაღაცის ექვივალენტური. მათ ახალი ტერმინალი ჯერ არ გაუხსნიათ, ახალი გასასვლელები არ დაუმატებიათ და მომსახურების სტანდარტები არ აუწევიათ, მაგრამ გადასახადს მაინც უმატებენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ იხდის ამ 24 დოლარს.
აეროპორტში რომ შედიხარ არის რიგი მომსახურებები - უსაფრთხოება, რეგისტრაცია, ბარგი, რომელიც თვითმფრინავამდე უნდა მივიდეს, პასპორტის კონტროლი. ესაა აეროპორტის სრული სერვისი, ამისათვის ავიაკომპანიები საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდიან, ეს მომსახურება დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯდება ყოველთვიურად, მაგრამ ცალკე ეს 24 დოლარი, ეს არის ის ტაქსა, რომელსაც ”ტავ ურბანი” პირდაპირ საკუთარ ჯიბეში იდებს. ვერავინ დაგვიმტკიცებს, თუ რის საფუძველზე გაზარდა მან ეს ტარიფი 2 დოლარით. თუ არგუმენტი იქნება ისეთი, რომ მგზავრთა ნაკადი გაიზარდა, ნურას უკაცრავად, მგზავრთა ნაკადის მატება, ტურისტული პოტენციალის ზრდა ქვეყანაში ხელისუფლებისა და მთავრობის დამსახურებაა, მგზავრთა ნაკადი არ გაუზრდია ”ტავ ურბანის” უსახურ და უვარგის მომსახურებას. აქედან გამოდის, რომ მთავრობის მიღწეული შედეგებით სარგებლობს უცხოური ოპერატორი და ამით მან დამატებით 6 მილიონი დოლარი უნდა ჩაიჯიბოს ამ წლის ბოლოს, რატომ?! ეს არ არის განმარტებული”, - განაცხადა ექსპერტმა ავიაციის საკითხებში იასე ზაუტაშვილმა ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.