„სითი პარკს“ სასამართლო დავა კიდევ ერთმა მძღოლმა მოუგო

კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მოქალაქე კონსტანტინე ჩიქოვანის სარჩელი, თბილისის საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც ჩიქოვანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს გასული წლის სექტემბერში მიმართა მას შემდეგ, რაც მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი 38 საჯარიმო ქვითარი ერთად მიიღო.

მისივე თქმით, მართალია სასამართლო პროცესი მოიგეს, თუმცა ეს ხარვეზით მოხდა.

„ფაქტობრივად, თვითონ 38 საჯარიმო ქვითარი არ გაუქმებულა, მხოლოდ საურავები გაუქმდა, რაც საჯარიმო ქვითარს ზევიდან ერიცხება. მართალია სასამართლო პროცესი მოგებულად ითვლება, მაგრამ ხარვეზით, ამიტომ არაა გამორიცხული სასამართლო დავა გავაგრძელოთ. მთლიანობაში 7 ათას ლარზეა საუბარი, საიდანაც არაფრის გადახდა აღარ მიწევს. თუმცა, აქედან ნაწილი გადახდილი მაქვს, რადგან საბანკო ანგარიშებს ყადაღა ედო. სავარაუდოდ, ეს თანხაც დამიბრუნდება“, - ამბობს ჩიქოვანი.

კომპანია „სითი პარკში“ ამ საქმეების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „სითი პარკში“ განუცხადეს, კომპანია პატივს სცემს და ემორჩილება სასამართლო გადაწყვეტილებას.

ეს უკვე მეორე სასამართლო დავა იყო „სითი პარკის“ წინააღმდეგ. 1 მარტს სასამართლო პროცესი თბილისელმა მძღოლმა კომპანიას 1 400 ლარის ჯარიმაზე მოუგო. BMW-ს კლუბის დამფუძნებელი გიგი ტუღუში აცხადებდა, რომ ერთდროულად ჩააბარეს 60 ჯარიმა, რომლის საერთო თანხა - 11 000 ლარს აღემატებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაჯარიმებულ მძღოლს ჯარიმა სრულად გაუნულდა და 11 400 ლარიდან 1 თეთრის გადახდაც არ მოუწევს.