წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1645 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5%-ით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
საქსატატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32% შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 59% შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 17 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 7 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წელს 61 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 645 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 163 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება 2016 წლის მეოთხე კვარტალს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის IV კვარტალში 330 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 23 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 1%-ით მეტია.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის IV კვარტალში 75 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 128 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 63 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი 58 მლნ აშშ დოლარით.
2016 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტალების წინასწარი მონაცემები დაკორექტირდა საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად.
2016 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2017 წლის 15 აგვისტოს.