ოდესმე გსმენიათ იმ იდუმალ კანონზე, რომლითაც ქალაქის ზომის გამოცნობაა შესაძლებელი? თუ მეტყვით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას, გეტყვით რა ზომისაა ქვეყნის სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები. როგორც iset-pi.ge წერს, 1949 წელს ჯორჯ ზიპფმა გამოიგონა მარტივი თეორია, სახელად რანგისა და ზომის წესი, იგივე „ზიპფის კანონი,“ რომლის მიხედვითაც, სიდიდით მეორე და მომდევნო ქალაქები უნდა იყოს ყველაზე დიდი ქალაქის პროპორციული ნაწილი. მაგალითად, თუ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, წესის თანახმად, სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლეობა უნდა იყოს პირველის ნახევარი. მესამე – ერთი მესამედი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს კანონი ყველა ქვეყანაზე არ მართლდება. თუმცა, ბევრი ქვეყნის, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნების (მაგ: აშშ-ის) ქალაქების მოსახლეობა ამ წესს ემორჩილება.
მეორე, ე.წ. „მთავარი ქალაქის“ ცნობილი კონცეფცია კიდევ უფრო ადრე, 1939 წელს შეიმუშავა მარკ ჯეფერსონმა. ამ კონცეფციის თანახმად, მთავარი ქალაქის მოსახლეობა მინიმუმ სამჯერ აღემატება სიდიდით მეორე ქალაქს (ბევრ ქვეყანაში განსხვავება კიდევ უფრო დიდია) და ქვეყანაში ბევრი გაცილებით პატარა ქალაქი და დასახლებაა. მთავარი ქალაქი მხოლოდ მოსახლეობის თვალსაზრისით არ არის წამყვანი, იგი წარმოადგენს ეროვნული იდენტობის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს. ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი სწორედ ამ ქალაქში იქმნება და ქვეყნის დანარჩენი ნაწილი მასზეა დამოკიდებული ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულად და ტრანსპორტირების კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ქალაქის არსებობა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ქვეყნის განვითარების ტემპთან. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს მთავარი ქალაქი ლონდონია (7 მლნ.), თუმცა სიდიდით მეორე ქალაქის, ბირმინგემის მოსახლეობა მხოლოდ 1 მილიონია. ბევრი ნაკლებად განვითარებული ქვეყნის ქალაქებში პირველობის ხარისხი მაღალია, განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში – დაბალი. პირველობის მაღალ დონეს ორი ფაქტორი განაპირობებს: განუვითარებელი ეკონომიკა და ეკონომიკა, რომელშიც სოფლის მეურნეობა დომინირებს.
ქართული კონტექსტი
მეორე კონცეფცია ასახავს საქართველოს სიტუაციას. ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მას მოსდევს ზომით გაცილებით პატარა ქალაქები: ქუთაისი (147 ათასი ადამიანი) და ბათუმი (156 ათასი ადამიანი).
განვითარებულ ქვეყნებში მთავარი ქალაქის არსებობა არ ქმნის განსაკუთრებულ პრობლემას (ასეთი მაგალითები შედარებით იშვიათია), საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში კი მათ შეიძლება განვითარება შეაფერხონ.
რატომ შეიძლება თბილისი, როგორც მთავარი ქალაქი, იყოს პოტენციური პრობლემა? ამ მოვლენის მთავარი ნეგატიური ფაქტორი ისაა, რომ ის ქვეყნის სხვა ნაწილებზე გაცილებით სწრაფად ვითარდება, რაც იწვევს სიმდიდრის, ძალაუფლებისა და ინვესტიციების არათანაბარ გადანაწილებას რეგიონებს შორის, განათლების არათანაბარ განაწილებას, ეკონომიკისა და რესურსების არათანაბარ განვითარებას, აჩენს ისეთ უარყოფით გარეგან ფაქტორებს, როგორებიცაა არამდგრადი ურბანული განვითარება, რაც, თავის მხრივ, ეკოლოგიურ სტაბილურობაზე მოქმედებს.
2006 წელს ქუთაისის მოსახლეობა 190 ათასი ადამიანი იყო. დღეს რაოდენობა დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული (საქსტატი, 2016 წ.). მიგრაციის ყველაზე დიდი წილი თბილისსა და უცხოეთზე მოდის. შესაძლო მიზეზები უკავშირდება განათლების არათანაბარ განაწილებას, რაც იწვევს მცირე ქალაქებიდან მთავარ ქალაქებში „ტვინების გადინებას“, დასაქმების ნაკლებ შესაძლებლობებს, ბიზნესისთვის ქალაქის არამიმზიდველობას, ინდივიდუალური განვითარების ნაკლებ შესაძლებლობებს.
თუ რეგიონების შემოსავლებს შევხედავთ, მათ შორის დიდ განსხვავებას დავინახავთ. საქსტატის მიხედვით, თბილისში საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 60%-ით მეტია, ვიდრე იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. იმერეთში დასაქმებულის საშუალო თვიური ანაზღაურება 604.6 ლარია, თბილისში კი – 1006.7 (განსხვავება 67%-ია).
თბილისი არის ქვეყნის პოლიტიკური და ფინანსური ცენტრი. წინა ხელისუფლება შეეცადა პოლიტიკური ინსტიტუტების დეცენტრალიზაციას და 2012 წელს საქართველოს პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში გადაიტანა. ამ ნაბიჯის მიზანი იყო ქალაქის და მასთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარება. თუმცა ამ ნაბიჯმა არ მოიტანა იმ მასშტაბის დადებითი ცვლილებები ქალაქში, როგორსაც ელოდენ.
მართლაც დაიწყო ქუთაისის აღმასვლა?
თანამედროვე ტენდენციები იმის მანიშნებელია, რომ სიტუაცია, შესაძლოა, იცვლება და ქუთაისი თბილისის ტემპს ეწევა. ჩვენი ხაჭაპურის ინდექსის მონაცემები უკვე მიგვანიშნებს შესაძლო დადებით დინამიკაზე; უკანასკნელ თვეებში ხაჭაპური ქუთაისში უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ქალაქებში. ამის ერთ-ერთი ახსნა მოთხოვნაში უნდა ვეძებოთ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 19.8%-ით არის გაზრდილი გასულ წელთან (2016 წლის იანვართან) შედარებით. 2017 წლის იანვარშიც, გასულ წელთან (2016 წლის იანვარი) შედარებით 121%-ით გაიზარდა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების რაოდენობა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ყველაზე იაფია საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება. მეტიც, აეროპორტმა ქუთაისს დაუბრუნა სატრანსპორტო ცენტრის ფუნქცია, აეროპორტიდან ძალიან ადვილია მესტიაში, წყალტყუბოში ან საქართველოს ზღვისპირეთში მოგზაურობა.
უძრავი ქონების მონაცემებიც დადებით ცვლილებებზე მიანიშნებს. ქუთაისში რეკლამების (საცხოვრებელი ბინების, სახლების თუ კომერციული ფართის შესახებ) რაოდენობა 2016 წლის პირველ ნახევარში 70%-ით გაიზარდა 2015 წლის მეორე ნახევართან შედარებით. ამასთან, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ტრანზაქციების რაოდენობა 13%-ითაა გაზრდილი.
ქუთაისში ბოლო დროს განხორციელებული ინვესტიციები ბიზნესში დადებითი ცვლილებების იმედს იძლევა. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ნელ-ნელა იზიდავს ბიზნესებს. კარგი მაგალითია „ჰუალინგ ჯგუფი,“ რომელმაც 30 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. ამჟამად ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 5 საწარმო მოქმედებს: ხის გადამამუშავებელი, ავეჯის მწარმოებელი, ქვის გადამამუშავებელი, ლითონის კონსტრუქციების და მატრასების მწარმოებელი. კიდევ ერთ ინვესტიციას (12 მლნ. აშშ დოლარის) გეგმავენ ინვესტორები დუბაიდან, კერძოდ, ქუთაისში მზის პანელების წარმოებას თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პირობებში.
უახლესი ინფორმაციით, საერთაშორისო ბრენდები დაინტერესდნენ ქუთაისის ბაზარზე შესვლით. ქუთაისში გაიხსნება მაკდონალდსის მეორე ფილიალი, ასევე, დანკინ დონატსი და ვენდისი.
მეტიც, ქუთაისმა, შესაძლოა, აკადემიური ცენტრის ფუნქციაც დაიბრუნოს, ფონდი „ქართუ“ აპირებს, 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადოს ქუთაისის კამპუსის მშენებლობაში. უნივერსიტეტი მოემსახურება 60,000 სტუდენტს. მას ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ეყოლება ქართველი და უცხოელი პროფესიული აკადემიური პერსონალი. უნივერსიტეტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს თანამედროვე აკადემიურ და კვლევით პროგრამებს შესთავაზებს. ქუთაისისთვის ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, გახდეს განათლების რეგიონული ცენტრი.
ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ცენტრად გადაქცევა თბილისსაც განტვირთავს და, ამასთან, ძლიერი რეგიონული ცენტრიც შეიქმნება. ძალიან მნიშვნელოვანია ფუნქციებისა და ძალაუფლების თბილისიდან რეგიონებზე დეცენტრალიზაცია, რათა ქვეყანა მდგრადი განვითარების გზას დაადგეს. იმედია, ამ ტენდენციებს შედეგად დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ინდუსტრიული ცვლილებები მოჰყვება, რათა ნაკლებმა ადამიანმა მოისურვოს დედაქალაქში გადაცხოვრება.
დიახ, მე ქუთაისიდან ვარ და მინდა, ქუთაისი კვლავ ძლიერი გახდეს!
ავტორი: ია კაცია
წყარო: iset-pi.ge