უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევებთან მიმართებაში საქართველო იქნება შეურიგებელი, რათა ერთი ან ორი მოქალაქის მიერ დარღვევამ არ უზრუნველყოს ამ დიდი სიკეთის შეჩერება სხვა მოქალაქეებისთვისაც , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციების, გადამზიდავთა ასოციაციის, ტურიზმის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯანელიძის თქმით, სახელმწიფო აპირებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს იმ ზიანის შესახებ, რომელიც მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, რათა მესაზღვრეების მხრიდანაც მოხდეს მოქალაქეებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის 90-დღიანი ვადის დაღვევის, უსაფრთხოების პრობლემების შექმნის, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდისა და ასევე, ქვეყნის მხრიდან რეადმისიის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
„ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ძირითადად იმ კუთხით, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვენ. ხშირ შემთხვევაში, ეს მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არანაირი პოლიტიკური დევნა ან დისკრიმინაცია ამ მოქალაქის არ ხდება. ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში, რაც გულისხმობს, რომ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ აპლიკაციის განხილვა გამარტივებული რეჟიმით მოხდება. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნები, რომლებიც განიხილავენ თავშესაფრის მოთხოვნებს, ამ მოთხოვნის განხილვას კი სჭრიდება თვეები, რითაც სარგებლობენ მოქალაქეები. ეს გარკვეული რისკის მატარებელია, მაგრამ, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ევროსტრუქტურებისთვის, რომ მზად ვართ, ნებისმიერი მექანიზმი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქის რეადმისია. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და შესაბამისად, განვაცხადებთ დამატებითი ზომების შესახებაც, თუ ამის საჭიროება იქნება. დამღვევებთან მიმართებაში საქართველოს მხარე იქნება ძალიან შეურიგებელი და ამასთანავე ყველაფერი გაკეთდება, რომ ევროპულმა მხარემ იგრძნოს ჩვენი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მიდგომა და ერთი ან ორი რომელიმე მოქალაქის მიერ დარღვევამ არ უზრუნველყოს ამ დიდი სიკეთის შეჩერება სხვა მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით - 90 დღე 180-დღიან პერიოდში - უვიზოდ გაემგზავრონ.