2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში 9 კვალიფიციური სუბიექტის მიერ გაწეულმა ხარჯმა მთლიანობაში 31 618 225 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, ამ ხარჯის უდიდესი ნაწილი - 22 291 484 ლარი (70%) „ქართულმა ოცნებამ“ გაიღო, შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2 613 102 ლარით, მესამეზე კი, „თავისუფალი დემოკრატებია“ 1 415 539 ლარით.
ორგანიზაციის ცნობით, ისევე როგორც შემოსავლებში, ხარჯების კუთხითაც დიდი დისპროპორცია დაფიქსირდა - „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯი რვანახევარჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯებს და თითქმის ორნახევარჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ ხარჯებს.
სუბიექტები საარჩევნო პერიოდში ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავდნენ საქონელსა და მომსახურებაზე, რეკლამასა და ხელფასებზე.
„არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ფასიანი სატელევიზიო რეკლამისა და თბილისში არსებული ბილბორდების ხარჯების პარალელური მონიტორინგი განახორციელა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მითითებული მონაცემები ჩვენი დაკვირვების შედეგებს არ ეწინააღმდეგება, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც „თავისუფალ დემოკრატებს“ ტელეკომპანია „იმედზე“ გასული მათი რეკლამის ხარჯები ფინანსურ დეკლარაციებში საერთოდ არ დაუფიქსირებიათ;
ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დარღვევებზე რეაგირების მიუხედავად, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების ანგარიშგებების სრულყოფილად შევსება. დეკლარაციების აბსოლუტური უმრავლესობა არასრულად და არაერთგვაროვნად არის შევსებული. ანგარიშგებების ბევრ ველში სავალდებულო ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში.