საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების ან მესამე პირისთვის გადაკისრების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროსათვის მიმართვის ვადა განუსაზღვრელი ხდება , - საწარმოებს საშუალება ექნებათ, სამინისტროს შემზღუდველი ვადების გარეშე მიმართონ.
შესაბამისი ცვლილებები ”საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
მოქმედი კანონით, საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისათვის გადაკისრება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობა მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ ხორციელდება, რომელთაც შესაბამისი მიმართვა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 1 იანვრამდე წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვადა 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, კანონით განსაზღვრული ვადა საერთოდ უქმდება და საწარმოთათვის მიმართვის ვადა განუსაზღვრელი ხდება.
ამასთან, ინიციატივას უკუქმედების ძალა ექნება და ის 2017 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც გავრცელდება.